სერგო ზაქარიაძე – „ეპიზოდი”
გენიალური ქართველი მსახიობი - სერგო ზაქარიაძე (1909-1971 წლები),რომელმაც სახელი განსაკუთრებით გაითქვა რეზო ჩხეიძის მიერ გადაღებულ ფილმში – „ჯარისკაცის მამა” მთავარი გმირის – გიორგი მახარაშვილის როლის განუმეორებელი შესრულებით, სანამ ცხოვრების გზაჯვარედინზე დადგებოდა, ფეხბურთს თამაშობდა პროფესიულ დონეზე. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ირწმუნებიან, სერგო კარგი ფეხბურთელი ყოფილა და ერთხანს ცენტრალურ მცველადაც უთამაშია არა მხოლოდ ზესტაფონის საფეხბურთო გუნდში, არამედ თბილისის „დინამოშიც” კი. იმ პერიოდში „დინამოს” სახელოვანი ქართველი ფეხბურთელი – შალვა შავგულიძე კაპიტნობდა. როდესაც შალვამ შეიტყო, ზაქარიაძემ საფეხბურთო კარიერას თეატრი ამჯობინაო, სერგოსთვის უსაყვედურებია – „აბა რად გინდოდა პროფესიის გამოცვლა?! აი ,მე უკვე სპორტის დამსახურებული ოსტატი ვარ, ორდენით დამაჯილდოვეს, შენ კი რას წარმოადგენ? ამ ქვეყანაზე ვინ იცის, რამდენი მსახიობია, კარგი ფეხბურთელი კი – თითო-ოროლაო”. და მართლაც, „ამ ქვეყნად აბა ვინ იცის, რამდენი ფეხბურთელია, კარგი მსახიობი კი – თითო-ოროლა”. მათ შორის ერთ-ერთი მათგანი უცილობლად სერგო ზაქარიაძეა. – (ავტორი გენია.ჯი)