მორის ფოცხიშვილი – „უუფლებოთა უფლებისათვის”

თექვსმეტ წლამდე უუფლებო ქალ-ვაჟებო,

თქვენ უფლებებს

სჯულმდებელის

ერთგულებით ვუვლი, -

უუფლებო სიყვარული არ არსებობს,

სიყვარული თავისთავად უფლებაა სრული!

* * *

ცივი გული ცხელი სისხლით გამითბია,

ხელს და მიჯნურს

ცხრა უფსკრულზეც

გამივლია რწმენით, -

უიმედო სიყვარული რას მიქვია,

სიყვარული თავისთავად იმედია ჩვენი!

* * *

ხნულში თესლი ითესება იაგუნდად,

ხავსოვანი ხილვები აქვთ

უსიცოცხლო ლანდებს, -

უსიცოცხლო სიყვარული ვის რად უნდა,

სიყვარული თავისთავად სიცოცხლეა ოდეს.

* * *

მიმღერეთ და არც არასდროს დამასვენოთ,

პოეტები მხოლოდ თქვენთვის

ვაბუბუნებთ ბუკებს, -

უკანონო სიყვარული არ არსებობს,

სიყვარული თავისთავად კანონია უკვე!

კომენტარის დატოვება