ჯაკომო ლეოპარდის ფილოსოფიიდან…
„ადამიანს სწყურია და უყვარს მარტოოდენ თავისი საკუთარი ბედნიერება, სიცოცხლეს კი იმდენად ეტრფის, რამდენადაც ამ ბედნიერების მიღწევის საშუალებად წარმოუდგენია. ასე რომ, ადამიანს, საბოლოო ანგარიშით, სიცოცხლე კი არ უყვარს, არამედ ბედნიერება, თუმცაღა ბედნიერების სიყვარულს ხშირად სიცოცხლის სიყვარულთან აიგივებს. სიმართლე კი, თუ გნებავთ, ისაა, რომ ამნაირი შეცდომა იმდენადვე ბუნებრივია, რამდენადაც ბუნებრივად და უცილობლად განუყრელია ადამიანისაგან. თქვენ თვითონ დარწმუნდებით ამაში, თუ გაიხსენებთ, რომ ძველად მრავალზე მრავალი არჩევდა სიკვდილს, თუმცა კი შეეძლოთ ეცოცხლათ, და ახლაც სულ სხვადასხვა ვითარებაში ვინ მოსთვლის, რამდენი ნატრობს სიკვდილს, ხოლო ზოგიერთი თავისი ხელითაც კი იმოკლებს დღეს, ყოველივე ეს შეუძლებელი იქნებოდა, სიცოცხლის სიყვარული ბუნებით თანდაყოლილი რომ იყოს ჩვენთვის, სამაგიეროდ, საკუთარი ბედნიერების სიყვარული დვრიტადა დევს ყოველი სულდგმულის ბუნებაში, და უმალ ქვეყანა დაიქცევა, ვიდრე ესა თუ ის სულდგმული თავისივე ბედნიერების სიყვარულსა და მისკენ სწრაფვაზე აიღებს ხელს.
და კიდევ ერთი: დავრწმუნდი, რომ რაც უფრო მეტად ვიზღუდავთ, რაც უფრო მეტად ვიმცირებთ და ვიპატარავებთ თავს, ისე, რომ ლამის გუნდის ხელა ვხდებით, რაც უფრო მეტად ვცდილობთ არავინ შევაწუხოთ ჩვენი არსებობით, მით უფრო მეტად გვამღვრევს, გვთრგუნავს და გვსრესს ყველაფერი, რაც გარს გვარტყია”. – (ავტორი გენია.ჯი)