მურმან ლებანიძე – „ვერაფერი გამიგია, ცხოვრებაში რა ხდება”

ვერაფერი გამიგია,

ცხოვრებაში რა ხდება:

ყველაფერი წამიგია -

მეგობრები მაკლდება.

* * *

ბრაუნინგით არ მომკვდარან,

ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია,

არც ფანჯრიდან გადმომხტარან -

მშვენიერად არიან.

* * *

უფრო ხშირად ახლა შინ ვარ,

წვიმას ვნატრობ შხაპუნას:

შევსვათ! ყველა თავის წვრილმან

საზრუნავში ჩაფლულა!

* * *

ყველა თავის ნავში სხდება,

ყველამ სადღაც გაცურა,

ყველა კვდება, გული მწყდება -

წასულან და წასულან!

* * *

და დღეები გადის ზანტად,

ღამეები გროვდება,

ვიღაც უსაშველო ლანდად

მწუხრში მიახლოვდება…

* * *

მინდა მთაზე ავირბინო,

ზღვის მიქცევა ვიხილო,

თავში ხელი წავიშინო -

რაც მომხვდება, ვიყვირო.

კომენტარის დატოვება