შოთა ნიშნიანიძე – „ვინ თქვა ჩვენზე”

ვინ თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,

ერთი ოთახის ამარა დავრჩით.

ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,

სამი ფანჯარა:

მე,

შენ და ბავშვი.

* * *

მე, შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად

და ოცნებებად დავიხარჯებით,

ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით,

მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც…

* * *

კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,

პატიოსნება ურდულად ადევს,

და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია,

მეზობლის ბინაც ასულა ცამდე.

* * *

ვინ თქვა, ჩვენზე ვიწროდ არიან,

ერთი ოთახის ამარა დავრჩით.

ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,

სამი ფანჯარა:

მე,

შენ და ბავშვი.

კომენტარის დატოვება