შოთა ნიშნიანიძე – „სიმართლე”

სიმართლე ვისთვის მახვილია,

ვისთვის ფარია.

და თუ სიმართლე ნიღაბია -

შესაზარია.

მომწონს ის ბიჭი,

ასეთ მახვილს ვინც კისერს უწვდის,

ვინც ფარად ხმარობს, არც ის ბიჭი არ არი სუსტი.

* * *

სიმართლეს ბრძენნიც მსახურებენ, არლეკინებიც,

მასაც ღმერთივით თაყვანს სცემენ, ან აგინებენ.

ისიც ღმერთივით არსად არის

და მაინც არის:

რწმენა,

ნიღაბი,

მახვილი,

ფარი!

* * *

(სიმართლის საქმე, როგორც ხედავთ, ღმერთივითაა!)

* * *

სიმართლის დიდ წიგნს, ბიბლიურ წიგნს, როგორც ნათლობა,

რწმენა და მსხვერპლი შეშვენის ყდებად.

ქვეყნად ყოველი უსამართლობა

მაინც სიმართლის სახელით ხდება.

კომენტარის დატოვება