„ჰეი, გაიღვიძეთ მოკვდავნო!”
„ჰეი, გაიღვიძეთ მოკვდავნო! იბადება ახალი დღე, დედამიწაზე ბრუნდება ჭეშმარიტება, ფუჭი ლანდები და მოჩვენებები კი სტოვებენ მას. ადექით, რათა კვლავ მოიგდოთ მხრებზე ცხოვრების მძიმე ტვირთი, ყალბი სამყაროდან კვლავინდებულად გადმოაბიჯეთ ჭეშმარიტების სამყაროში.
მოკვდავთა ძილი რომ უსასრულო, ან სიცოცხლის მაგვარი იყოს, ყველა სულდგმული დღის მნათობის მოალერსე სხივებში რომ ნებივრობდეს და არსად ჩანდეს რუდუნების ნიშანწყალიც, არც ოფლისღვრა თუ ჭაპანწყვეტა, იალაღებზე არ ისმოდეს ჯოგის ბღავილი, არც ნადირის ღრიალი ტყეში, არც ფრინველების ჟივილ-ხივილი ამოდ მოელვარე ჰაერში, არც ფუტკრებისა თუ სხვა მწერების ბზუილი ყვავილებით მოჩითულ ველ-მინდვრებში და მყუდროებას არ არღვევდეს არც ერთი ჩქამი, ტალღის ტლაშუნის, ქარის ზუზუნისა თუ მეხის გრიალის გარდა, – სამყარო, რაღა თქმა უნდა, ფუჭი და უაზრო იქნებოდა, მაგრამ განა მასში ნაკლები იქნებოდა ბედნიერება, ან უფრო მეტი – უბედურება, ვიდრე ამჟამად? შენ გეკითხებით, მზეო, სიფხიზლის უფალო და დღის შემოქმედო: საუკუნეების მანძილზე, რომლებიც დღევანდელ დღემდე გადუზომავს და უკან მოუბრუნებლად გაუსტუმრებია წარსულში შენს ურიცხვ აისსა თუ დაისს, უთვალავ ჩასვლას თუ ამოსვლას, ერთი ბედნიერი მაინც თუ გინახავს მოკვდავთა შორის? ადამიანთა ურიცხვ საქმეთაგან, რომელნიც დღემდე საკუთარი თვალით გიხილავს, ერთს მაინც თუ მიუღწევია მიზნისთვის, ერთს მაინც თუ მიუნიჭებია ხანგრძლივი თუ მსწრაფლმავალი კმაყოფილება იმ არსებისთვის, რომელმაც ის წამოიწყო და დაასრულა? თუ ხედავ, ან, საერთოდ, თუ გინახავს ბედნიერება ამ უსასრულო სამყაროში? სად, რომელ ტრამალზე ბინადრობს იგი, რომელ ტევრში, ან რომელი მთის მწვერვალზე? რომელ ხევში, რომელ ქალაქში, სოფელში, ან უდაბნოში? იქნებ შენს მზერას ემალება და მღვიმის სიღრმეს, მიწის წიაღს ან ზღვის უფსკრულს აფარებს თავს? და თვითონ შენ, მუხლმოუღლელი გოლიათივით უძილოდ და მოუსვენებლად, დღისით და ღამით რომ დაჰქრიხარ ერთხელ და სამუდამოდ დასაზღვრული უსასრულო გზით, გვითხარი, თვითონ შენ ბედნიერი ხარ თუ უბედური?
ჰეი, გაიღვიძეთ მოკვდავნო! ჯერ კიდევ სიცოცხლის ტყვეები ხართ. მოვა დრო და ვერავითარი გარეშე ძალა ვეღარ გამოგაფხიზლებთ მარადიული და უძღები ძილისაგან. ჯერჯერობით კი თქვენთან ხელი არა აქვს სიკვდილს. ზოგადად კი, სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა, ასე ხშირ-ხშირად რომ არ წყდებოდეს იგი.
„ჰეი, გაიღვიძეთ მოკვდავნო! იბადება ახალი დღე, დედამიწაზე ბრუნდება ჭეშმარიტება, ფუჭი ლანდები და მოჩვენებები კი სტოვებენ მას. ადექით, რათა კვლავ მოიგდოთ მხრებზე ცხოვრების მძიმე ტვირთი, ყალბი სამყაროდან კვლავინდებულად გადმოაბიჯეთ ჭეშმარიტების სამყაროში”. – (ავტორი გენია.ჯი)