უილიამ ბლეიკის შესახებ…
გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გენიალურმა ინგლისელმა მხატვარმა, გრავიორმა და პოეტმა – უილიამ ბლეიკმა (1757-1827 წლები) საყვარელი მეუღლის – კატერინა ბოუჩერის (1762-1831 წლები) პორტრეტზე დაასრულა მუშაობა. (ავტორი გენია.ჯი) მებაღის გაუნათლებელმა გოგონამ, რომელსაც წერა-კითხვა მოგვიანებით ასწავლა ბლეიკმა (ცნობილია, რომ კატერინამ წერა-კითხვის უცოდინარობის გამო ხელი ვერ მოაწერა ქორწინების დამადასტურებელ აქტზე), უმალვე დაიპყრო დიდი ინგლისელი ხელოვანის გული. რამდენიმე ხანში უილიამი და კატერინა დაქორწინდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბლეიკების წყვილს შვილი არ გაჩენია, ისინი მაინც იდეალურ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ ერთმანეთთან. კატერინას მიერ ქმრისადმი გამოჩენილ დიდ სიყვარულსა და თანადგომას ანალოგიურად პასუხობდა უილიამიც, რომელიც არასდროს მალავდა თავის მადლიერებას ერთგული მეუღლის მიმართ.
69 წლის ასაკში მყოფმა მისტიკოსმა ბლეიკმა სიკვდილის მოახლოება შეიგრძნო. „მე თვით სიკვდილის კარიბჭესთან ვიყავი და იქიდან დავბრუნდი ფიზიკურად უკიდურესად დაუძლურებული, არაფრის შემძლე მოხუცი. ფეხით გადაადგილებაც კი მიჭირს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სული ჩემი ამით სრულებითაც არ დაუძლურებლა, ხოლო წარმოსახვა არ დამბნელებია. რამდენადაც უძლურია ჩემი სულელი და მოკვდავი სხეული, იმდენად ძლიერია ჩემი სული და წარმოსახვა”. – წერდა მეგობარს იმ პერიოდში უილიამი.
1827 წლის 12 აგვისტოს სამუდამოდ დახუჭა თვალები გენიალურმა ინგლისელმა მხატვარმა. „ასე კვდებიან წმინდანებიო”, – განაცხადა მომვლელმა ქალმა, რომელიც უილიამ ბლეიკის სიკვდილს შეესწრო კატერინასთან ერთად. – (ავტორი გენია.ჯი)
კატერინა ბოუჩერი (ბლეიკი)