ნინონ დე ლანკლოს შესახებ…
„უფალო, მომეცი ნება ვიყო სათნო და კეთილშობილი ადამიანი, მაგრამ არა სათნო და კეთილშობილი – ქალიო”, – წერდა გამოჩენილი ფრანგი მწერალი ქალი და ერთ-ერთი სახელგანთქმული ფრანგული ლიტერატურული სალონის უმშვენიერესი დიასახლისი – ნინონ დე ლანკლო (1615-1705 წლები). მრავალი უტყუარი ფაქტი არსებობს იმისა, რომ ლანკლო არასოდეს ყოფილა სიძუნწით გამორჩეული ქალი. ის კი არა და, იგი ერთობ გულუხვი ადამიანის რეპუტაციითაც სარგებლობდა. (ავტორი გენია.ჯი) თავისი გასაოცარი სილამაზითა და უებრო გონებამახვილობით დაჯილდოებულმა „პარიზის სალონების დედოფლად” წოდებულმა ლანკლომ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა განათლებული და დამოუკიდებელი ქალის სიმბოლოდ საფრანგეთში, განსაკუთრებით სახელი მას შემდეგ გაითქვა, რაც მას მეგობრებმა გააცვნეს იეზუიტთა კოლეჯის ცხრა წლის მოსწავლე – ფრანსუა-მარი არუე – იგივე – „ვოლტერი”. ლიტერატურით გატაცებული ულამაზესი კურტიზანი ქალი, რომლის კავალრებსაც თავის დროზე წარმოადგენდნენ ისეთი ცნობილი პერსონები, როგორებიც იყვნენ – პრინცი დე კონდე, გასპარ კოლინი, ფრანსუა დე ლაროშფუკო და სხვები, დიდად მოიხიბლა „პატარა პოეტის” შემოქმედებითი შესაძლებლობებით. (აქვე, თქვენის ნებართვით ერთ პატარა ლირიულ გადახვევას გავაკეთებ: ლანკლომ თავისი ზღაპრული მშვენიერება, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, სიკვდილამდე შეინარჩუნა. ცნობილია, რომ 80 წლის ასაკში მყოფ ქალს საყვარლად ჰყავდა – აბატი დე დეჟუაენი, რომელიც ძალიან ეჭვიანობდა თურმე მასზე). არუეს გენიალურმა ნიჭმა „პარიზის სალონების დედოფალზე” იმდენად დიდი შთაბეჭდილება იქონია, რომ მან გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მომავალ „ვოლტერს” ანდერძის სახით იმ პერიოდისათვის უზარმაზარი თანხა – 2 000 ეკიუ დაუტოვა, რითაც ერთხელ და სამუდამოდ უკვდავყო თავისი სახელი. „ის რომ მცოდნოდა, ყველაფერი ასე დასრულდებოდა, უმალ თავს ჩამოვიხრჩობდიო”, – ირონიულად შეუნიშნავს უკანასკნელად თურმე ნინონ დე ლანკლოს. – (ავტორი გენია.ჯი)