მურმან ლებანიძე – „ცხარობო, მითხრეს, ცხარობო, მკადრეს…”
ცხარობო, მითხრეს, ცხარობო, მკადრეს,
სული წინ გისწრებს, ბერდები, წახდი;
ხავერდოვანი იყავი ადრე -
პირში მთქმელი და პირქუში გახდი…
* * *
გახედე – ნამყოს!
გახედე – აწმყოს!
გახედე – მყობადს!
ჩასწვდი – საწადელს!
მე მინდა თქვენთვის!
მე მინდა თქვენთვის
ეს მდელოები
მალე ამწვანდეს!
* * *
და თქვენთვის ჩქარობს ოცნება წმინდა,
ვჩქარობ, არ დამრჩეს მართლა ოცნებად.
მოუსწრებელის მოსწრება მინდა
და მელანდება სხვა საოცრება.
* * *
ვრჩები ერთგული
მე ჩემი ღმერთის -
ასე გამზარდეს!
ასე გამწალდეს!
მე მინდა თქვენთვის!
მე მინდა თქვენთვის
ეს მდელოები
მალე ამწვანდეს!
* * *
ჰო, თორემ ჩემთვის რა მეჩქარება,
რა თავში ვიხლი მოგებას რამეს, -
უკვე დამქროლეს ზამთრის ქარებმა, -
რა გაანათებს ამხელა ღამეს!
* * *
თქვენი დღეები
ქვეყნისას ერთვის!
ჩემი დღეები -
დაე, გამწარდეს!
მე მინდა თქვენთვის!
მე მინდა თქვენთვის
ეს მდელოები
მალე ამწვანდეს!