ანტუან ლორან ლავუაზიე – „ეპიზოდი”
თანამედროვე ქიმიის ფუძემდებელმა გენიალურმა ფრანგმა ქიმიკოსმა და ბუნებისმეტყველმა – ანტუან ლორან ლავუაზიემ (171743-1794 წლები), რომელსაც რევოლუციურმა ტრიბუნალმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ფრანგი ხალხის ღალატის ბრალდებით, საფრანგეთის დიდი რევოლუციის მიმდინარეობის ჟამს ცნობილ ფრანგ ფსიქიატრთან – ფილიპე პინელისთან საუბრისას შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: „ – მხოლოდ ჩემმა დიდმა ქონებამ მომცა საშუალება, ასე ფართოდ ჩამეტარებინა ცდები. წინა საუკუნეები მეცნიერსა და მის მეგობრებს არ უქმნიდა პირობებს ესოდენ მდიდარი და სხვადასხვაგვარი საშუალება დაეხარჯათ ერთი მიზნის მისაღწევად. ახლა მე მოკლებული ვარ დიდი ხარჯვის საშუალებას”. – შემდგომ ლავუაზიე ფანჯრისაკენ შებრუნდა და ფანჯარაში მზირალმა ფილიპეს ჰკითხა:
- თქვენ არ ფიქრობთ, რომ მე ადამიანთა სამყაროს უკვე გავუსწორე ვალი იმ სახსრების ანგარიშში, რასაც საფრანგეთი მაძლევდა?
- მხოლოდ ბრმას და ბოროტმოქმედს შეუძლია ადამიანთათვის თქვენ მიერ გაწეული უზომო დამსახურების უარყოფა! – უპასუხა პინელმა.
- ვაი რომ, არა მარტო ბრმასა და ბოროტმოქმედს. ისე დღე არ გავა, არ გავა საათი, რომ თავს არ დამატყდეს და არ ვიგრძნო ადამიანთა გაუგებრობის მთელი სიმძიმე. ხალხი ბრმაა, მომავალი საუკუნეების ქიმიკოსთა მეცნიერული მუშაობის მთელი პროგრამა სისულელედ მიაჩნიათ, ისინი ჩემში მხოლოდ მდიდარს ხედავენ, თვალები შმაგი ცეცხლით, ცხოველური სიხარბით ენთებათ. არასოდეს მიგრძნია თავი ესოდენ მიტოვებულად და მტრებით გარემოცულად, როგორც ახლა. – წარმოთქვა შეფიქრიანებულმა ლავუაზიემ.
რამდენიმე ხანში რევოლუციური ტრიბუნალის თავჯდომარემ – კოფინელმა დაჰქუხა – „რესპუბლიკას მეცნიერები არ სჭირდებაო!” – დაჰქუხა და მალევე, საფრანგეთის სიამაყეს ფრანგების „ეროვნულ სამართლებლად” წოდებული გილიოტინის გამოყენებით მოჰკვეთეს თავი. – (ავტორი გენია.ჯი)
ფილიპე პინელი