პაულ თომას მანი – „ჯამბაზები”
„მაინც რა ხალხია ეს არტისტები! ან ადამიანები არიან კი? თუნდაც ჯამბაზები ავიღოთ, ეს უცნაური ტაკიმასხარები, თავიანთ პატარა წითელი ხელებით, უძიროებწამოცმული პატარა ფეხებით, კეგლივით მრგვალი თექის ქუდიდან წითელი ქოჩორი რომ მოუჩანთ, ჩიქორთულად მოუბარნი, თავდაყირა მოსიარულენი, ყველაფერს რომ ეჯახებიან და ეცემიან, უაზროდ დაჰქრიან აქეთ-იქით და ვითომ ყველას ეხმარებიან; ხალხის ხარხარი და ყიჟინა აყრუებს იქაურობას, როცა ისინი თავიანთ სერიოზულ კოლეგებს ბაძავენ, ვთქვათ, ცდილობენ გაჭიმულ მავთულზე გაიარონ და ლამის კისერს იტეხენ; ნუთუ უგუნურების ეს უასაკო, დაგვალული პირმშოები, რომელთა ოინებზე მე ვხარხარებდი (თუმცა ჩემს აღფრთოვანებაში სევდაც ერია), ნუთუ ესენი, თავიანთი, ცარცივით თეთრი, უაზროდ შეთითხნილი სახეებით, სამკუთხედი წარბებით, ჩაწითლებულ თვალებს ქვეშ ჩამოსმული ვერტიკალური ხაზებით, ამქვეყნად არარსებული ცხვირებით, ბრიყვული ღიმილის გამოსახატავად აწეული ტუჩის კუთხეებით, ერთი სიტყვით, ეს ნიღბები, გასაოცრად რომ ეწინააღმდეგებიან თავიანთ კოსტიუმებს – ბავშვის ოცნების მსგავს, ვერცხლის პეპლებამოქარგულ, შავი ატლასის კოსტიუმებს – მე თქვენ გეკითხებით, ნუთუ ესენი ადამიანები, მამაკაცები არიან, ნუთუ შეიძლება ისინი რამენაირად ბუნებრივ ურთიერთობებში მონაწილე პიროვნებებად ჩაითვალონ? ჩემი აზრით, წმინდა წყლის სენტიმენტალობაა ვიძახოთ, ისინი ადამიანები არიანო, მათაც გააჩნიათ გრძნობები და ცოლ-შვილიც კი ჰყავთო. ჩემი მხრივ, მე მათ პატივს ვცემ, ჰუმანური უხამსობისაგან ვიფარავ, როცა ვამბობ: არა, ისინი ადამიანებად ვერ ჩაითვლებიან, ისინი ამოვარდნილი არიან ადამიანთა მოდგმიდან, ამ მაიმახების ცხოვრებას ჩამოშორებული ბრჭყვიალა განდეგილნი, უაზრობასთან წილნაყარნი, ადამიანისა და სულელური ხელოვნების მანჭია ნაჯვარნი არიან”. – (ავტორი გენია.ჯი)