პოლ გოგენის გარდაცვალების გარემოების შესახებ…
გენიალური ფრანგი მხატვრისა და გრაფიკოსის – პოლ ეჟენ ანრი გოგენის გარდაცვალებამ მარკიზის კუნძულებზე ისეთი ხმა დაარხია, თითქოს იგი ხელოვანის მტრებმა მოწამლეს. (ავტორი გენია.ჯი) ეს საკითხი მოგვიანებით კიდევ რამდენჯერმე დაისვა. საბოლოო ჯამში კი, დიდი პოსტიმპრესიონისტი ფერმწერის მკვლელობის ვერსია გამორიცხა გოგენის გულმხურვალე თაყვანისმცემელმა, პროფესიით ექიმმა – ვიქტორ სეგალანმა და პასტორ ვერნიესმა. ისინი უშუალო და უმნიშვნელოვანესი მოწმეები იყვნენ იმისა, რომ პოლ გოგენის სიკვდილში ბრალი არავის მიუძღოდა, გარდა განგებისა. 1904 წლის 28 მარტს სეგალანი თავის ერთ-ერთ მეგობარს, გვარად მონფრედს ზემოაღნიშნული საკითხის შესახებ სწერდა: „მე სავსებით ოფიციალურად შემიძლია უარვყო ხმები, გოგენის სიკვდილს მისი მტრების მზაკვრობას რომ მიაწერს. თუმცა, იყვნენ ზოგიერთები, აშკარად რომ სძულდათ გოგენი მისი მებრძოლი ბუნების გამო, მაგრამ ვიცნობ ისეთებსაც – ისინი კი ბევრნი არიან, – რომლებიც მას მხარს უჭერდნენ, ეხმარებოდნენ, ბოლომდე იცავდნენ, იფარავდნენ და ასეთი რამის ჩადენის ნებას არავის მისცემდნენ. ზოგი შტრიხი, საფრანგეთში რომ საცოდავი განდეგილის სიკვდილს უმატებენ, სრული მირაჟია ეგზოტიკისა… მის სიკვდილს მე ვხსნი ანევრიზმით, ამ აზრს იზიარებს ჩემი კოლეგაც – წყნარი ოკეანის მეორე სამხედრო გემის ექიმი, რომელმაც გოგენი საბედისწერო აღსასრულამდე სამი თვით ადრე ინახულა.
თუმც, არ არის გამორიცხული, რომ გოგენმა დააჩქარა თავისი სიკვდილი. თურმე 8 მაისს მორფის მეტისმეტად დიდი დოზა შეიშხაპუნა. მანამდე ერთხანს ნემსებს აღარ იკეთებდა. სასთუმალთან კი „ცარიელი ამპულა” უპოვეს. აქედან წამოვიდა მეორე ვერსია როგორც ბევრი რამიდან ჩანს, არანაკლებ ფანტასტიკური – თითქოს გოგენმა თავი მოიკლა”. – (ავტორი გენია.ჯი)