ჟან დე ლა ბრიუიერის შესახებ…
„ის არის ფილოსოფოსი, რომელიც მარტო იმაზე ოცნებობს, რომ მეგობრებისა და წიგნების გარემოცვაში მშვიდად იცხოვროს და ერთისგანაც და მეორისგანაც საუკეთესოები შეარჩიოს. ის არის კაცი, რომელიც არ ეძებს სიამოვნებას და არც გაურბის. პატარა სიხარულს სჯერდება და ამ სიხარულის შექმნაც იცის. ზრდილი და თავაზიანი კაცია და ბრძნული ლაპარაკი სჩვევია. არ გააჩნია არავითარი პატივმოყვარეობა, ჭკუის გამოჩენასაც კი ერიდება”. – ასე დაახასიათა სიცოცხლის ჟამს გენიალური ფრანგი ფილოსოფოსი და მორალისტი - ჟან დე ლა ბრუიერი (1645-1696 წლები) სახელგანთქმულმა ფრანგმა გრამატიკოსმა – ოიერ-ჟოზეფ ოლივემ. – (ავტორი გენია.ჯი) „ეს იყო უაღრესად პატიოსანი ადამიანი, საუცხოო მეგობარი, უბრალო, ყოველგვარ პედანტურობას მოკლებული დიდად უანგარო კაცი”. – ეს სიტყვები კი ლა ბრუიერს გარდაცვალების შემდგომ, თავისი მძაფრი კრიტიკით ცნობილმა – სენ-სიმონმა უძღვნა. ფრანგი გენერალსიმუსის – პრინცი კონდეს მახლობელთა წრეში შემავალმა ფილოსოფოსი ვერსალში ამ ფრიად გავლენიანი ადამიანის შვილიშვილის – დიუკ დე ბურბონის უშუალო აღმზრდელის ფუნქციებს ასრულებდა. ოჯახი, რომელიც განთქმული იყო თავისი ნიჭიერებით, დიდად ენდობოდა ლა ბრუიერის ინტელექტს. ის რომ, კონდეს შვილიშვილის სათანადო აღზრდას დიდებულად აღასრულებდა აღმზრდელი, ამსა თვით ლა ბრუიერის კონდესადმი მიწერილი წერილიც ადასტურებს. „სულაც არ ვუშვებ მხედველობიდან არც იგავ-არაკებსა და არც სახელმწიფო მართვის საკითხებს… და დილიდან საღამომდე სულ იმაზე ვფიქრობ, რაც შეიძლება უკეთესი საშუალება გამოვნახო სწავლისა, რომ სარგებლობა მოვუტანო, ისე ვასწავლო, გული არ ავუცრუო”. – წერდა იგი კონდეს. მიუხედავად კონდეს ახლობლობისა და ვერსალში ცხოვრებისა, ფრანგი სწავლული არსებობისათვის იმ რაოდენობის პენსიას იღებდა, რამდენიც ჰყოფნიდა და არ სარგებლობდა არავითარი სახელმწიფო პრივილეგიით.
„ჩვენ მხოლოდ იმის გვეშინია, შვილიშვილები არ შევარცხვინოთ ჩვენი ზნე-ჩვეულებებით. ისტორია მათ დაანახებს ჩვენი დროის ადამიანებს, რომლებიც ფრთამალი მანქანების სიმაღლიდან რამდენიმე წუთში ანადგურებენ საუკუნეთა მანძილზე შექმნილ ცივილიზაციებს. ის მათ აგრეთვე დაანახებს ჩვენს არალოგიკურ ეკონომიკას, რომლის პირობებში ზოგი ხალხები შიმშილისაგან იჟლიტებიან, ხოლო მათ გვერდით სხვა ხალხებმა არც კი იციან, როგორ გამოიყენონ თავიანთი ძალები. ისტორია მათ აჩვენებს ჩვენს ფულად სისტემას, დიდად შერყვნილს, როცა სიმდიდრის ძებნაში ზოგი იძულებული ხდება აფრიკის მიწა თხაროს, ზოგი კი ამერიკის ნიადაგში ფლავს ამ სიმდიდრეს. (ავტორი გენია.ჯი) ისტორია მათ დაანახვებს ჩვენს აღებ-მიცემობას, რომელიც მოუწესრიგებელია. შთამომავლები შეიტყობენ, რომ იმდენად ვიწრო ქუჩები გვქონდა, ეტლებით სიარული უფრო ძნელი იყო და მეტ დროს მოითხოვდა, ვიდრე ფეხით სიარული; რომ ჩვენი სახლები ზამთრობით არ თბებოდა; მამაკაცებსა და ქალებს საძაგელი მათრობელა სასმელებით ჰქონდათ ჯანმრთელობა და გონება შერყეული; რომ აურაცხელი სახსრები მიდიოდა ისეთი მცენარეების მოყვანაზე, რომელთა ფოთლების ხრჩოლებით დედამიწის ყველა ხალხები ჰაერს წამლავდნენ; რომ ჩვენი წარმოდგენა სიამოვნებაზე იმაში მდგომარეობდა, ღამე გაგვეტარებინა ხალხით გაჭედილ ადგილებში, სადაც ვუყურებდით, როგორ ცეკვავდნენ, სვამდნენ და აბოლებდნენ ჩვენივე მსგავსი დარდიანი ადამიანები. შერცხვებათ თუ არა ყველა ამისა ჩვენს შთამომავალთ? მოინდომებენ თუ არა მიჰბაძონ ასეთი უგუნური სამყაროს ჩვეულებებს?” – ასეთი კითხვა დასვა ლა ბრუიერმა, რომელსაც თავადვე გასცა სიცოცხლის ბოლო ჟამს პასუხი: „სრულიადაც არ შერცხვებათ. თვითონ მათ ჩვენზე უარესი სიგიჟეები ექნებათო”. – (ავტორი გენია.ჯი)