გუსტავ ფლობერი – „ეპიზოდი”
იმ ადამიანთა სულიერ მდგომარეობას, რომლებიც ცდილობენ თავისი თავი წარმოიდგინონ სხვანაირად, ვიდრე სინამდვილეში არიან, სახელგანთქმულმა ფრანგმა ფილოსოფოსმა – ჟიულ დე გოტიემ – „ბოვარიზმი” უწოდა. (ავტორი გენია.ჯი) „ქალბატონი ბოვარის” გენიალურ ავტორს – გუსტავ ფლობერს (1821-1880 წლები) თავისი ლიტერატურული ნაწარმოების გამო თავს უამრავი მეხთატეხა დაეცა. მძაფრი კრიტიკის ქარ-ცეცხლში არა მხოლოდ ფლობერი მოექცა, არამედ მისი რომანის გმირი ქალიც – ქალბატონი ბოვარი. მიუხედავად სასამართლოს გამამართლებელი განაჩენისა, ლიტერატორი მაინც ვერ მალავდა თავის უკმაყოფილებასა და აღშფოთებას. „ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მომავალი მაშფოთებს. მაშ რაღაზე შეიძლება წერა, თუ ესოდენ უვნებელი, საცოდავი ჩემი ქალბატონი ბოვარი თმებით ისე წაათრიეს გამასწორებელ პოლიციაში, თითქოს ქუჩის ქალი ყოფილიყოსო”, – წუხდა იგი.
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ „ქალბატონი ბოვარის” ავტორს დიდი წარმოდგენა არ გააჩნდა ლევ ტოლსტოის ისეთი საყოველთაოდ ცნობილი ლიტერატურული ქმნილებისადმი, როგორიც არის – „ანა კარენინა”. ერთხელ გუსტავმა ტოლსტოის ამ უკვდავი ქმნილების შესახებ გაღიზიანებულმა აგდებით შესძახა: „დიდი არაფერია, გათხოვილი ქალის ამბავია, რომელსაც ოფიცერი შეუყვარდებაო”. ფლობერის ბიოგრაფთა ნაწილი ვარაუდობს, რომ „ანა კარენინასადმი” ფრანგი მწერლის უარყოფითი დამოკიდებულება იმ კონკურენციით იყო განპირობებული, რომელსაც „ქალბატონი ბოვარი” უწევდა „ანა კარენინას” ლიტერატურულ ასპარეზზე. – (ავტორი გენია.ჯი)