ნიზამი განჯელი – „უტურფესო, ჩემს გულს მჭრელად”
უტურფესო, ჩემს გულს მჭრელად,
შენი ტრფობის ხმალი უნდა,
ბნელი ღამის მანათობლად
შენებრ ტურფა თვალი უნდა,
შენი ტუჩის ბროწეულებს
შაქრად შენი ხალი უნდა,
შაქრის სიტკბოს დასადნობად
ბროწეულის ალი უნდა.
თუმცა გემო მარილსაც აქვს,
შაქრის გემო ტკბილი არი;
ქვეყნად შენ ვის შეგადარო,
მზესთან – ყველა ჩრდილი არი;
თუ სიკვდილი და სიცოცხლე
განუყრელი წყვილი არი,
ერთ სასმისში მოვათავსებ,
ორივ ჩემი წილი არი.
ერთად შევსვამ, ჩამომისხი,
ღვინო ფერად ქარვის მინდა,
შენთან თმათა – მუშკისა და
ამბრის სუნთქვა პარვით მინდა,
შენი ყმობა გადავწყვიტე,
მიჯნურობა ფარვით მინდა,
შენი თმები ჩურჩულებენ:
„ჩვენ სხვა მონა არვინ გვინდა!”