რა მიზეზით დასაჯა კონვენტმა პარიზელი ხელოვანი?!
სახელოვანმა რუსმა ფილოსოფოსმა და მწერალმა – ალექსანდრე გერცენმა ერთი მეტად საინტერესო და მრავლისმეტყველი ისტორია შემოგვინახა, რომელიც საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდგომ პერიოდთან არის დაკავშირებული, და რომელიც შესანიშნავად გვიხატავს იმ მდგომარეობის უტოპიურ გარემოსა და სიმძიმეს, რაც საფრანგეთში სუფევდა XVIII საუკუნის დასასრულს. (ავტორი გენია.ჯი) რევოლუციის გამარჯვებისთანავე ქვეყნის მმართველმა ორგანომ – კონვენტმა სასტიკი რეპრესიების გამოყენება დაიწყო ქვეყანაში. კონვენტის წევრები თავად ადგენდნენ სიებს იმ ადამიანებისა, რომელთაც საფრანგეთის „ეროვნულ ფანჯარად” წოდებულ გილიოტინაზე უნდა დაესრულებინათ სიცოცხლე. ადგენდნენ და მერე, როგორი გამალებით… საფრანგეთისათვის ამ უმნიშვნელოვანეს და ავადსახსენებელ ისტორიულ ეპოქაში, რომელმაც არა მხოლოდ საფრანგეთის მომავალზე იქონია გავლენა, არამედ მთელ მსოფლიოს მომავალზეც კი, ერთმა ფრანგმა (პარიზელმა) ხელოვანმა გასაოცარი რუდუნებით ცვილისაგან გამოძერწა მშობლიური ქალაქის ერთ-ერთი უბანი და იგი, როგორც საფრანგეთის რევოლუციისადმი ღრმად მხარდაჭერის სიმბოლო, – კონვენტს მიართვა საჩუქრად. თავისი სისასტიკითა და მძიმე ზნით გამორჩეული საფრანგეთის კონვენტი აღნიშნული საჩუქრის შესახებ არავითარ განცხადებას არ აკეთებდა და დუმდა, რადგან მას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი. და როდესაც საფრანგეთის კონვენტის წევრებმა ნაჩუქარი ცვილის ფიგურებისათვისაც მოიცალეს, ერთობ მკაცრი განაჩენიც გამოუტანეს ავტორს. „მოქალაქეს, რომლის ნაწარმოები არ შეიძლება ზედმიწევნით დასრულებულად არ მივიჩნიოთ, ექვსი თვით მიესაჯოს ციხე იმის გამო, რომ უსარგებლო საქმეზე ცდებოდა მაშინ, როდესაც სამშობლო განსაცდელში იყო”. – აი, ასეთი საინტერესო სახის მქონე ვერდიქტი გამოუტანა კონვენტმა მისთვის მიძღვნილი საჩუქრის გამო პარიზელ ხელოვანს. – (ავტორი გენია.ჯი)