იოსებ იმედაშვილი – „ჩემის მონოლოგიდან”
„ადამიანი სახედრად აქციეს, ვირი ადამიანზე მაღლა დააყენეს…
მსოფლიოს მეფედ ხმობილი, ყველა სულდგმულთა გვირგვინად წოდებული არსება – ადამიანი პირქვეა დამხობილი, ღვარძლით და შუღლით მიწაზეა გართხმული და იმდენად გადაქელილი აქვს შუბლის კანი, რომ ვერა გრძნობს თავისი ადამიანობის უადამიანობას, თავის არსების უშინაარსობას, თავის „მე”-ს არსებობას…
მოკვდა გრძნობა, შეილახა თავმოყვარეობა… გვცემენ ცხვირში, პირში…
გვცემენ თავში, აზრში, სიტყვაში…
გვცემენ სიყვარულში, სპეტაკ სურვილში, სანეტარო მისწრაფებაში, ღვთიურ აღმაფრენაში.
სამოთხეს ეშმაკი დაეპატრონა, ღმერთს ბორკილები გაუყარეს, გოლგოთაზე კვალად ჯვარი აღმართეს და…
ქვეყანას ავაზაკები გაუბატონდნენ, გონიერთ რეგვენნი ეუფლნენ, წინმსვლელობას უკანდახევა გადაეღობა, სიჭაბუკეს დამყაყებული აზრი, სიწყვდიადე მოეფინა…
ვაჰ, ადამიანო, რა უქმად გიწოდეს ყველა სულდგმულთა უაღრესი, მეფეთა-მეფე…
იხოხე, იხოხე ტალახ-წუმპეში, შე საცოდავო და ვირის კურტანი ზურგიდან არ მოიშორო…
მოგიკვდეს გრძნობა, შეგელახოს თავმოყვარეობა, მოგეწამლოს „გული” და „სული”, ნუ ინაღვლი, შენ ხომ ცარიელი ჩონჩხი-ღა ხარ…
ეთრიე და ასე უმადურად ათრიე შენი სნეული და მოღლილი ხელი, საუკუნის ღვიძლო შვილო!” – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. აღნიშნული მასალა აღებულია თბილისში ქართულ ენაზე 1910 წელს გამოცემული იუმორისტული ალმანახიდან – „606″. – (ავტორი გენია.ჯი)