ავი ჟამი საქართველოს ისტორიისა…
ჩვენთვის, ყველასათვის ცნობილია, რომ XVII საუკუნესა და XVIII საუკუნის დასაწყისში საქართველო უკიდურეს მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ირანელი და ოსმალო ხანები და ბეგები არა მარტო თვითონ არბევდნენ საქართველოს სოფლებსა და ქალაქებს, არამედ ისინი აქტიურად მოუწოდებდნენ და აქეზებდნენ დაღესტნელ ბეგებსა და ნაიბებს, რათა მათაც მიეღოთ მონაწილეობა ქართველთა აოხრებასა და მოსრაში. ამას თან დაერთო ისიც, რომ XVIII საუკუნის დასაწყისში ლეკებისადმი იგივე მოწოდებით გამოვიდა საქართველოს დაუძინებელი მტერი, ირანის შაჰი – აბას I-მა (შაჰ-აბასმა). იმ ლეკებისადმი, რომელთაც სრულიადაც არ სჭირდებოდათ ამის მოწოდება. ისინი ისედაც მასიურად აოხრებდნენ ქართულ სოფლებსა თუ ქალაქებს. იტაცებდნენ ქართველ ჭაბუკებსა და ქალიშვილებს, რომლებიც შემდეგ ჩვენდა საუბედუროდ, სამარყანდის, სტამბოლის, ბაღდადის, ისპაჰანისა და ალეპოს მონათა ბაზრობებზე იყიდებოდნენ. „რამეთუ ნებავს მოწყვეტა კახეთისა და რომელნი შემოვიდნენ თქვენ კერძთა მთასა შინა, თქვენ მოსრენით და ტყვე-ყვენით იგინი და აღგავსნენ მეცა ნიჭითა”. – აი, ასეთი მოწოდება გააკეთა დაღესტნელებისადმი შაჰ-აბასმა. ავაზაკთა ბრბოების თარეშით გაწამებულ ხალხს თავისი უარყოფითი დაღი ვახტანგ VI-ს რუსეთში გადახვეწამაც დაასვა. ის რომ, უნუგეშო და შემაძრწუნებელი იყო სურათი იმ დროინდელი საქართველოსი, ამას იმერეთის დედოფლის სიტყვებიც კარგად მოწმობს: „ქალსა და რძალს საღვთო ტაძარშიც კი იტაცებენ, დედებს აუპატიურებენ, ჭაბუკებს ხოცავენ, ძუძუმწოვარნი ჰეროდეს სასჯელით მოსრნეს, წალკოტნი აღარ ჰყვავიან, ყანებსა და ვენახებში გლეხკაცი აღარ ჩანს; სიმღერას ვინ ჩივის, ტირილიც აღარსად ისმის, ისე გაწყვიტეს მთელი ქვეყანა. თუ ვინმე სიკვდილისა და საფლავის ღირსნი იყვნენ, ისინიც მხეცთა მიერ ბოროტთაგან იჭმებიან”. – (ავტორი გენია.ჯი)