ალექსანდრე სავრასოვის შესახებ…
„ – რუსეთს არა ჰყავს თავისი ამსახველი. ჩვენ ჯერ კიდევ გვრცხვენია ჩვენი სამშობლოს გამო, როგორც მე მრცხვენოდა პატარაობიდანვე ჩემი მათხოვარი ბებიის გამო… უთქმელი მოხუცი იყო. სულ ერთთავად აფახულებდა ჩაწითლებულ წვრილ თვალებს, ხოლო როცა გარდაიცვალა, სერგი როდონეჟელის ხატი დამიტოვა. დამიბარა: „აი, შვილო, ისეთი ხატვა ისწავლე, რომ კაცის სულმა იქვითინოს ციური და მიწიერი სილამაზის ხილვით”. ხატზე კი გამოსახული იყო ბალახები და ყვავილები, უკაცრიელ გზებზე რომ იზრდება და აგრეთვე ვერხვნარით გადაბარდნილი ტბა. აი, როგორი ეშმაკი ბებია მყოლია! მე იმ დროს აკვარელით ვხატავდი და ნახატებს წვრილფეხა ჩარჩებზე ვყიდდი. ახლაც მრცხვენია იმის გახსენებისა, რას ვხატავდი. მდიდრულ ქონგურებიან სასახლეებს და გუბურებს, სადაც ვარდისფერი გედები დაცურავდნენ. არარაობა და თავის მოჭრა. ჭაბუკობიდან მოყოლებული აგერ მოვხუცდი და ჩემი დღე და მოსწრება ისეთი რამის ხატვა მიხდებოდა, რაც არ მსურდა”. – წერდა გენიალური რუსი მხატვარ-პეიზაჟისტი – ალექსანდრე სავრასოვი (1830-1897 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ისააკ ლევიტანის დიდებულ მასწავლებელს ხანდაზმულ ასაკში ჭუჭყიან წვერზე ყოველთვის პურისა და არყის სუნი ასდიოდა. ასეთი დაიხსომა სიცოცხლის მიწურულს იგი მისმა თანემდროვეებმა. მოხუცი მხატვარი, რომელსაც 24 წლის ასაკში მიანიჭეს აკადემიკოსობა, თავის შესანიშნავ ნახატებს კაპიკებად ჰყიდდა ამა თუ იმ ბაზრობაზე. თუმცა ეს ასევე იყო ცხოვრების დასაწყისშიაც: 14 წლის ასაკში მყოფი ალექსანდრე სამხატვრო სკოლაში სწავლის ყოველთვიურ საფასურს (2 მანეთს) მისივე ბაზრობებზე გაყიდული სურათებით იხდიდა… სავრასოვის კომფორტის მოყვარული მეუღლე – სოფია მუდმივად უკმაყოფილო იყო ქმრის ფინანსური შესაძლებლობებით, რაც ოჯახში მუდმივი კონფლიქტის მიზეზი ხდებოდა. შედეგად, სოფიამ ბავშვებთან ერთად დატოვა მეუღლის სახლი და სანკტ-პეტერბურგში თავის ფინანსურად შეძლებულ დასთან – ადელისთან გადავიდა საცხოვრებლად. ამ გარემოებამ სასოწარკვეთილი ალექსანდრე ალკოჰოლზე დამოკიდებული გახადა. სავრასოვის ტალანტი, როგორც ხდება ხოლმე, მის სიცოცხლეში სათანადოდ არ იქნა დაფასებული. მარტოობის გზაზე შემდგარი ხელოვანი 1882 წელს ლოთობის გამო სამსახურიდანაც გაანთავისუფლეს. უსახსროდ დარჩენილმა გენიოსმა დახმარება რამდენჯერმე პავლე ტრეტიაკოვს სთხოვა. საბოლოო ჯამში, ალექსანდრე სავრასოვმა ხიტროვკაში განთავსებულ მიუსაფართა თავშესაფარში დალია სული 1897 წლის 26 სექტემბერს. – (ავტორი გენია.ჯი)