ჩარლზ დიკენსი – „მწვანე სურო”
მშვენიერი მცენარეა სურო,
ნანგრევებში რომ დაცოცავს მარად,
რჩეულ საზრდოს გარდა არ ისურვოს
სხვა რაიმე გულის გასახარად.
კედლებს რღვევა, ქვებსაც დაშლა ელით;
სურომ ჟინი რომ მოიკლას, აცხროს,
ნამუსრევი დროის მსახვრალ ხელით
უქცევია უსაყვარლეს საზრდოდ.
იქ დაცოცავს, სადაც უკაცურობს,
იშვიათი მცენარეა სურო.
სწრაფად ცოცავს, თუმც არა აქვს ფრთები,
ერთგულებას ავლენს ერთობ უხვად,
მოხვევია, ჩაჯდომია გზნებით
და შეზრდია ბებერ, ჯმუხა მუხას.
რომ გაჰყვება მიწას ნება-ნება,
თავის ფოთლებს ნაზ-ნარნარად არხევს;
სურო მდიდრის საფლავს ეტანება
და გარშემო მწვანე ხლართებს ახვევს.
იქ დაცოცავს, სად სიკვდილი სუფევს.
ძველისძველი მცენარეა სურო.
რაოდენ დროს მოღებია ბოლო,
გარდასულა რაოდენი ერი,
უვნებლად დარჩენილა მხოლოდ
მწვანე სურო, მარად მშვენიერი;
გარდასულით, როგორც მარტოხელი,
ხარობს იგი, დროს არ კარგავს უქმად,
ყოველივე კაცის აგებული,
ბოლოს სუროს გადექცევა ლუკმად.
მისთვის თალხით დრო ვერ დაიბუროს,
ძველისძველი მცენარეა სურო.