ეზოპეს შესახებ…
ერთხანს მონად მყოფმა და ერთხანს ლიდიის მეფის კარზე მცხოვრებმა ლეგენდად ქცეულმა დიდმა მეიგავემ და პოეტმა – ეზოპემ (ძვ.წ.აღ-ით 620-564 წლები) გადაწყვიტა, რომ საცხოვრებლად ძველი ელადის ერთ-ერთ პოლიტიკურ ცენტრში – დელფოსში გადასულიყო. (ავტორი გენია.ჯი) იმ დელფოსში, სადაც ქურუმთა არისტოკრატია იყო განსაკუთრებით გაბატონებული. ეზოპე, რომლის შემოქმედებიდანაც დღემდე 400-მდე იგავსა აქვს ჩვენამდე მოღწეული, პირდაპირობით გამორჩეული ადამიანი იყო და გამოირჩეოდა თავისი მამხილებელი სიტყვით, რის გამოც ეს დიდი მეიგავე იმთავითვე შეიძულა დელფოსში გაბატონებულმა ქურუმთა არისტოკრატიამ, რომელმაც თავის მხრივ, მუხანათური გზით გადაწყვიტა მისი თავიდან მოცილება. ერთ დღეს დელფოსის მოსახლეობა შეაძრწუნა ცნობამ იმის შესახებ, რომ გაძარცვული იქნა აპოლონის ტაძარი. მათ შეძრწუნებას თან დაერთო გაოცებაც, რადგან აპოლონის ტაძრიდან მოპარული ოქროს ჭურჭელი სწორედ რომ ეზოპეს ტანისამოსში იქნა აღმოჩენილი, რომელიც მასში „ბოროტმა ხელმა” დამალა. მიუხედავად არაერთგზის თავისმართლებისა, ტაძრის გაძარცვაში ბრალდებულ ეზოპეს პროვოკატორების მიერ მოწყობილი პროვოკაციის შედეგად მაინც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და იგი აიძულეს კლდიდან გადავარდნით დაესრულებინა სიცოცხლე.
„რაოდენ იყო იგი შეურაცხ და ხენეშ ხორცითა, ეგოდენ იყო იგი გონიერ გულითა ყოვლისა სიტყვის მიგებად ფრიად მზადო”, – ასე არის დახასიათებული ერთობ შეუხედავი, თუმცა კი ძალიან გონებამახვილი და სხარტი აზროვნების მქონე გენიალური ძველ ბერძენი მეიგავე ერთ ძველ ქართულ ხელნაწერში. მეიგავე, რომელიც არაერთხელ გამხდარა მონათა ბაზრის რიგითი საქონელი. უყიდიათ, გაუყიდიათ, როგორც ნივთი… მეიგავე, რომელსაც უცხოვრია ბოგანოთა შორის და მეფეთა მეზობლადაც, ყოფილა მონა და მონათმფლობელიც. მეიგავე, რომელსაც ათასჯერ გაუზომია და აუწონია ცხოვრება თავისი საზომით – იგავით! – (ავტორი გენია.ჯი)