ვინ იყო პასკვინო?
პირველი ქვეყანა რეფორმაციის ხანაში, რომელმაც რომის კათოლიკურ ეკლესიაში გამეფებული აღვირახსნილობისა და უზნეობის წინააღმდეგ გაილაშქრა – იტალია იყო. სწორედ იმ პერიოდში გამოჩნდა რომის ქუჩებში ვიღაც მხიარული თერძი ბიჭი, სახელად – პასკვინო, რომელსაც თავისი გონებამახვილობითა და ინტელექტით აღფრთოვანებაში მოჰყავდა „მარადიული ქალაქის” მკვიდრნი. (ავტორი გენია.ჯი) პასკვინომ მიზანში ამოიღო რომის პაპები, რომელთაც სახალხოდ იგდებდა მასხრად და საქვეყნოდ სჭრიდა თავს. მას შემდეგ, რაც სატირული შოლტით შეიარაღებულმა მოაზროვნე ყმაწვილმა შეიტყო, რომ რომის პაპი იულიუს II უხვად არიგებდა და ჰყიდდა ცოდვათა მიტევებას, აღშფოთებულმა შესძახა: „პაპი ვაჭარია, რომელიც ატყებს მთელ ქვეყანას, იგი ჰყიდის მას, რასაც თვითონ ვერასოდეს ვერ ეღირსება… ზეციურ ნეტარებას!”
პასკვინოს პოპულარობა იმდენად მაღალი იყო რომაელებში, რომ ამ უბრალო ბიჭუნას ბევრი წამბაძველი გამოუჩნდა და, წარმოიდგინეთ, სიკვდილის შემდეგ, ტიბროსის ნაპირას ძეგლიც კი დაუდგეს. ამ დღიდან მოყოლებული ტრადიციად იქცა: თუ კი ვინმემ რაიმე სახუმარო და დასაცინი იცოდა რომაელ პაპებზე, თავს მოვალედ თვლიდა დაეწერა პატარა ბარათი, გაეკეცა ლამაზად და პასკვინოს ძეგლთან მიეტანა. ასე ივსებოდა ყოველდღე ქანდაკება თეთრი ქაღალდებით. ეს იყო, ხატოვნად რომ ვთქვათ, სატირული კორესპონდენციები, და ეს ადგილი პირველი სატირულ-ჟურნალის მაგივრობას სწევდა. ამ ჟურნალს კი ჰყავდა თავისი მთავარი რედაქტორიც – იგი პასკვინოს ძეგლი იყო.
ერთხელ პასკვინოს ქანდაკებამ იმდენად მოუშალა ნერვები რომის პაპს – ადრიან IV-ს, რომ გამძვინვარებულმა შესძახა: „როგორ?.. ქალაქში, სადაც შეიძლება ნებისმიერ კაცს ბურთი ჩასჩარო პირში, მე ვერ შევძელი ვაიძულო გაჩუმდეს ეს მარმარილოს პატარა ნაჭერი!” – შედეგად, ადრიან IV-ს ბრძანებით პასკვინოს „მოლაპარაკედ” წოდებული ქანდაკება, რომელიც XVI საუკუნეში იქნა დამზადებული, მდინარეში გადააგდეს. მოგვიანებით იგი აღმოაჩინეს. დღესდღეობით პასკვინოს ქანდაკება რომში, კერძოდ კი პასკვინო პიაცაზეა აღმართული.
უბრალომ იტალიელი ბიჭი ისტორიაში შევიდა. მის უდიდეს პოპულარობაზე მეტყველებს ისიც, რომ პასკვინოსაგან უცხო სიტყვათა ლექსიკონში გაჩნდა სიტყვა – „პასკვილი”, რომელმაც თავის მხრივ, დროთა განმავლობაში დიდი მეტამორფოზა განიცადა და შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური ხარსიხი მიიღო. – (ავტორი გენია.ჯი)
პასკვინოს ქანდაკება რომში