ზაზა ბიბილაშვილი – „ლექსი მოყმისა და სიყვარულისა”
გაცუდდა, რაც-რა ვეთრიე,
რაც ვკვლიე შენი გზა-კვალი:
ვერ შეგიპყარი,
ვერ მოგკალ,
თავი ვერ შემოგაკალი.
ხან – ჭიუხების ჭირხლები,
ხან – ხალნი ველის ხაოთა
შენად ნაწოლად მენიშნა,
ვნახე – აფთარი ხაოდა.
ეგებ დააგდე საჩვენო,
სხვა მზე არჩიე,
სხვა წყალი?
ეგებ ჯილაგით ამოწყდი -
კაცის ჯილაგზე გამწყრალი?
ეგება კიდეც დაგლანდე
სადმე, ჩამომწვარ გორებთან? -
დამცეცხლა კოცნის სახმილმა -
მახვილს რა მომაგონებდა!
აღარ დამცალდა -
ნანატრი
ელდის ელვებით გაშოლტილს
ცალი ყბით შემომიღრირე,
ცალად გამკარ და გამშორდი.
არც საიქიოდ გამწირე,
არც შემიფარე სწორფერი,
დამიგდე, როგორც დილეგი,
უსიყვარულო სოფელი…
ეგება ფიქრობ, მოვრჯულდე
უმადურ კვალზე ნათრევი,
ვერცხლის ბომონდებს დავაკლა
ჩემი უბელო ნატვრები,
გავთბე სარკმლიდან სამადლოდ
შემოგდებული მზის სხივით,
ტრფიალი აღარ მომშივდეს
აუღებელი სისხლივით,
რადმე ვიღირო უშენო
დღენი, უგვანოდ კუშტები,
ისევ არ გამოგეკიდო
როგორც კი გამოვშუშდები!