ლევან II დადიანის ერთი „ეშმაკური” მეთოდი

როგორც ცნობილია, სახელგანთქმულმა იტალიელმა მისიონერმა და თეატინელთა ორდენის ბერმა – არქანჯელო ლამბერტიმ ოდიშის სამთავროში 1630-1649 წლებში იცხოვრა, სადაც კათოლიკური სარწმუნოების პროპაგანდის კონგრეგაციის უშუალო დავალებით იყო მივლენილი. (ავტორი გენია.ჯი) ამ მოგზაურმა მისიონერმა სხვა უამრავ საინტერესო და მნიშვნელოვან ფაქტთან ერთად, რომლებსაც ოდიშის სამთავროში ჰქონდა ადგილი, ერთი ფრიად ნიშანდობლივი და საყურადღებო ფაქტის შესახებაც მოგვაწოდა ინფორმაცია. არქანჯელოს ოდიშში იმ პერიოდში მოუხდა მოღვაწეობა, როდესაც ამ ქართულ სამთავროს ახირებული და ზნედაცემული, თუმცა-კი საკმაოდ გონებამახვილი მთავარი – ლევან II დადიანი (მმართველობის წლები – 1611-1657 წლები) განაგებდა. იმისათვის, რომ ოსმალოთაგან ერთობ შეჭირვებულ და შევიწროვებულ დადიანს მათგან თავი როგორმე დაეხსნა, ძალიან უცნაურ და ცბიერ მეთოდს მიმართა. კერძოდ: როდესაც ოსმალეთის იმპერიიდან ოდიშის სამთავროში ელჩები ჩავიდოდნენ, საზღვარზე მათ ხვდებოდა დადიანის ხალხი, რომელთაც ლევანისაგან ნაბრძანები ჰქონდათ გვერდი აეხვიათ კარგი გზებისათვის და ციცაბო კლდეებზე, ტალახიან გზებზე, დაბურულ ტყეებში, მოკლედ რომ ვთქვათ, ცუდ ადგილებში ეტარებინათ ოსმალო დიპლომატები. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, მდინარეებში გასვლისას ოსმალო ელჩების ქართველ მხლებლებს სპეციალურად უნდა ამოერჩიათ ღრმა ფონი, რათა კიდევ უფრო გაერთულებინათ გზა. ღამით ელჩებს აბინავებდნენ ღარიბი გლეხის სახლში, ლოგინად უდებდნენ მხოლოდ თივას და კვებავდნენ მწირი საკვებით. ამ დროს ოსმალოები იმედოვნებდნენ, რომ დადიანის სახლში როცა მივალთ, მაშინ მაინც მოგვასვენებენ კარგადო. მაგრამ… ლევანის სახლში მისულთ მთავარი მათდა გასაკვირად, ღარიბული ტანისამოსით მოსილი ძველ ხალიჩაზე დამჯდარი ხვდებოდა. მოსასვენებლად ოსმალო დიპლომატებს ერთ დიდ ფიცრულში გზავნიდნენ. იმ ფიცრულში, რომელსაც არც კარი ჰქონდა და არც სახურავი. კვებავდნენ ბებერი თხის ხორცით. პურსაც რაღა თქმა უნდა, გამოზოგილად აძლევდნენ. რაც შეეხება ღვინოს, ისეთ საძაგელ ღვინოს ასმევდნენ, რომ ძალაუნებურად მტკიცედ უნდა დაეცვათ თავიანთი კანონი და მხოლოდ წყლით მოეკლათ წყურვილი.

ასეთ დუხჭირ დღეში მყოფი ელჩები ოდიშის სამთავროში ჩასვლის საათს წყევლიდნენ და ამბობდნენ, რომ ჯოჯოხეთზე უარეს ქვეყანაში მოვხვდითო.

სწორედ ამ ეშმაკური მეთოდით ცდილობდა ოდიშის მთავარი – ლევან II დადიანი, რომ კონსტანტინოპოლში ცუდი აზრი ჩამოყალიბებოდათ მისი სამთავროს შესახებ და სულთანს აზრადაც კი არ მოსვლოდა არც ხარკის მომატება ად არც ოდიშის სრული დაპყრობა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>