ჯაკომო ლეოპარდი – „განგებავ, მე გთხოვე, არიქა, ამ ქვეყნად მომიწვიე-მეთქი?”

„ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვრწმუნდები, რომ ჩვენთვის იმდენადვე გარდაუვალია უბედურება, რამდენადაც მიუწვდომელია ბედნიერება, იმდენადვე შორსაა სიმშვიდე, რამდენადაც განუყრელია ბორგნეულობა. ამიტომაც გავკადნიერდები და მართლის თქმას გაგიბედავ განგებავ: შენა ხარ ადამიანის, ყველა სულდგმულის, ყველა ქმნილების მოსისხლე მტერი. ხან მახეს გვიგებ, ხან გვიტევ, ხან გვემუქრები, გვტანჯავ, გვაწამებ, გვარბევ, ერთ გასაჭირს როდი გვაჯერებ, არამედ ჭირს ჭირზე გვისართავ, და არ ვიცი, შენი ზნისა თუ შენს მიერვე დადგენილი წესისამებრ, თუ შეიძლება ასე ითქვას, შენი ოჯახის, შენი საკუთარი სისხლის და ხორცის, თვით შენივე შვილების ჯალათი ხდები. და მე ყოველგვარი იმედი გადამიწყდა, რადგანაც მივხვდი, რომ თვით ადამიანებიც კი თავს ანებებენ იმის დევნას, ვინც მათ გაურბის, მაშინ როდესაც შენ – ვიცოდე მაინც რა დაგიშავეთ? – დაუსვენებლივ გვერეკები, დაუნდობლად და დაუზოგავად გვდევნი მანამ, სანამდის სულს არ ამოგვხვდი. უკვე ვხედავ, როგორ მიახლოვდება უნუგეშო და უსიხარულო სიბერე, რომელსაც თვით ჩვენს სიყრმეში აქვს ფესვი გადგმული, ჩვენთან ერთად იზრდება და მწიფდება, რათა ბოლოს ჩვენვე მოგვინელოს. ასე რომ, ჩვენი სიცოცხლის მხოლოდ ერთი მესამედი თუ ეთმობა ზრდასა და ძალთა გაფურჩქვნას, ძალზე მცირე კი – ჭკნობას და კვდომას, ისევე როგორც მათგან განუყრელ ტანჯვა-ვაებას.

მე ვიცი, რომ ეს სამყარო კაცთა სასიკეთოდ და საკეთილდღეოდ როდი შეგიქმნია. პირიქით, უმალ იმას ვირწმუნებ, რომ ყველაფერი ისე შეჰქმენი და, თითქოს განზრახ, ყველაფერი ისე გაარიგე და დააწესე, რომ დღენიადაგ გვტანჯო. მაგრამ მაშინ საკითხავია: მე გთხოვე, არიქა, ამქვეყნად მომიწვიე-მეთქი? ან იქნებ ძალით, შენდა უნებურად შემოგეჭერი? ხოლო თუ შენი ნება-სურვილით მომიყვანე, ან, უფრო სწორად, ძალით მათრიე და აქ მომიჩინე ბინა, ისე რომ არც თანხმობა გიკითხავს, არც უარის თქმისა თუ წინააღმდეგობის გაწევის საშუალება მოგიცია ჩემთვის, მაშინ მითხარი, ნუთუ არავითარი მოვალეობა არ გაკისრია ჩემს მიმართ? კარგი, ვთქვათ, ჩემი მოვლა-პატრონობითა და ჩემს ბედნიერებაზე ზრუნვით არ გსურს შეიწუხო თავი, მაგრამ ის მაინც არ გმართებს, რომ ტანჯვა-წამებისაგან დამიხსნა და ჯოჯოხეთად არ მიქციო აქ ყოფნა? და არასაც ახლა გეუბნები, იცოდე, კაცთა მოდგმის, ყველა სულდგმულისა და ყველა ქმნილების სახელით გეუბნები”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>