ვოლტერი – „ეპიზოდი”
„ბებერ ფრიცად” წოდებული პრუსიის სახელგანთქმული მეფე – ფრიდრიხ II დიდი ჯერ კიდევ ტახტის მემკვიდრე იყო, როდესაც იგი მიმოწერას აწარმოებდა გენიალურ ფრანგ განმანათლებელთან და ფილოსოფოსთან – ფრანსუა მარი არუესთან (1694-1778 წლები), იგივე – ვოლტერთან. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ, რაც ფრიდრიხი პრუსიის სამეფო ტახტზე ავიდა, იგი დაჟინებით ეპატიჟებოდა ბერლინში სამუშაოდ და საცხოვრებლად ვოლტერს, თუმცა უშედეგოდ: დიდი ფრანგი განმანათლებელი, რომელიც იმ პერიოდში შეყვარებული იყო, კატეგორიულ უარზე იდგა. ცნობილია, რომ ფრიდრიხი ვოლტერს სულ ორჯერ შეხვდა ცხოვრებაში. პირველად ნიდერლანდების საზღვარზე, ხოლო მეორედ ბერლინში, რა დროსაც სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნა ფრანგი განმანათლებლის ბერლინში დამკვიდრების საკითხიც. თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, გერმანელმა მონარქმა ვოლტერის დაყოლიება ვერ შეძლო. ვოლტერის მიერ „ღვთაებრივ ემილიად” წოდებული მადამ დიუ შატლე, რომელზედაც ფრანგი განმანათლებელი იყო შეყვარებული, არა მხოლოდ კარგი განათლებითა და თვითნებობით, არამედ აზარტული თამაშების დიდი სიყვარულითაც გამოირჩეოდა. და მთავარი: ემილია გათხოვილი იყო. მიუხედავად ამისა, ვოლტერმა არჩევანი პრუსიის მონარქის დიდებულ შეთავაზებასა და ქმრიან ემილიას შორის, მაინც ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა. როდესაც ვოლტერს მოგვიანებით მეგობრებმა ჰკითხეს, რატომ არ დათანხმდა იგი მეფის წინადადებას, მისგან შემდეგი სახის განმარტება მოისმინეს -„როცა იძულებული გავხდი არჩევანი მომეხდინა ორ ფილოსოფოსს შორის, ფილოსოფოს მეფეს ფილოსოფოსი ქალი ვამჯობინეო”. თავის არჩევანში რომ ვოლტერმა თავიდანვე დაუშვა შეცდომა, ფაქტია, თუმცა ამაში თვითონ მხოლოდ მაშინ დარწმუნდა, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს სატრფომ გულახდილად განუცხადა, ფეხმძიმედ ვარ და ჩემი მომავალი ბავშვის მამა არც შენ ხარ და არც ჩემი ქმარი, არამედ ახალგაზრდა პოეტი და ოფიცერი, ვინმე – სენ დალამბერიო. მიუხედავად ამისა, ვოლტერმა მაინც ტრაგიკულად განიცადა მადამ დიუ შატლეს მოულოდნელი გარდაცვალება. დიდი ფრანგი განმანათლებლის ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი გატაცების საგნად ქცეული ქალი მშობიარობას გადაყვა. – (ავტორი გენია.ჯი)