იცით თუ არა, რომ?!
1. ფრანგ კოლონიზატორთა წინააღმდეგ გამართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გულადი ალჟირელი ლიდერი – აბდ-ალ-კადირი (1808-1883 წლები), რომელსაც მოგვიანებით ეროვნული გმირის სტატუსი მიანიჭეს, ძალიან მოკრძალებული ცხოვრების წესით გამორჩეული ინტელექტუალი იყო. ამის დასტურია ისიც, რომ 8 თვიანი ლაშქრობიდან დაბრუნებულმა კატეგორიული უარი განაცხადა მის პატივსაცემად ხალიჩებითა და აბრეშუმის ბალიშებით მორთულ კარავში შესვლაზე. „ჩემს სახლში არ ყოფილა და არც უნდა იყოს ასეთი ფუფუნებაო”, – უთქვამს მაშინ აბდ-ალ-კადირს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულში, ანუ, საფრანგეთის დიდი რევოლუციის ეპოქაში, ლუვრში მხოლოდ 537 სურათი იყო დაცული. ლუვრი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მუზეუმად, მხოლოდ XIX საუკუნეში იქცა.
* * *
3. გენიალური ფრანგი ფერმწერის – ედუარ მანეს მეგობრები ხშირად შენიშნავდნენ, რომ მისი სურათები თვალისთვის ნამდვილი დღესასწაულიაო, რის გამოც თავიანთ სათაყვანებელ მეგობარს მოფერებით – „მზის ფერმწერი” უწოდეს.
* * *
4. გენიალურ ავსტრიელ კომპოზიტორსა და ინსტრუმენტალისტს – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს ზალცბურგში ცხოვრების ჟამს (1772-1781 წლები) ადგილობრივ არქიეპისკოპოსთან – ჰიერონიმუს კოლორედო-მასფელდთან მონური სამსახური მოუხდა. ცნობილია, რომ მოცარტი არქიეპისკოპოსის კარზე ხშირად ლაქიის როლს ასრულებდა. არქიეპისკოპოსი სითამამისა და მორალური უპირატესობის გამო გამუდმებით დევნიდა დიდ ავსტრიელ მუსიკოსს და მოცარტის გასაგონად ამბობდა ხოლმე – „ლაქია მხოლოდ თავის ბატონს უნდა ემსახურებოდესო”.
* * *
5. დიდმა ავსტრიელმა კომპოზიტორმა – ფრანც შუბერტმა თავისი ხანმოკლე და მძიმე სიცოცხლის განმავლობაში (იცოცხლა 31 წელიწადი) – 1000-ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოები დაწერა (ცნობილია, რომ მარტო 1815 წელს, კომპოზიტორმა 140-ზე მეტი სიმღერა, მათ შორის სახელგანთქმული ბალადა „ტყის მეფე” დაწერა გოეთეს ლექსის მიხედვით). – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „იგი იყო ერთი იმ იშვიათ ადამიანთაგანი, რომლებიც დიდების მიღწევის შემდეგაც თავიანთ საუკეთესო თვისებებს ინარჩუნებენ. ეს დიადი და საუცხოო ადამიანი ისეთი მოკრძალებული იყო, რომ მსოფლიომ მისი გმირობა მხოლოდ მას შემდეგ დაინახა, როცა იგი მოწამეობრივად დაეცაო”. – ასეთი სიტყვებით შეამკო აშშ-ის ლეგენდად ქცეული პრეზიდენტი – აბრაამ ლინკოლნი საყოველთაოდ ცნობილმა გერმანელმა ფილოსოფოსმა – კარლ მარქსმა.
* * *
7. პეტიცია, რომელიც სხვა რიგ მოთხოვნებთან ერთად საარჩევნო ხმის უფლების მინიჭებასაც ითხოვდა ყველა ასაკოვან ინგლისელზე, რომელსაც კი 21 წელი წელი შეუსრულდებოდა, 1848 წლის 10 აპრილს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საზიდრით იქნა მიტანილი, რადგან აღნიშნული პეტიციის სრული წონა – 250 კილოგრამი იყო.
* * *
8. პაპუა-ახალ გვინეაში მაცხოვრებელ – ენგას ტომის ხალხში ყველაზე მეტად – ქალები და ღორები ფასობენ. აღნიშნულ ტომში, რაც უფრო მეტი ჰყავს კაცს ერთიც და მეორეც, მით უფრო მეტი ავტორიტეტით სარგებლობს იგი. შესაბამისად, ქალები და ღორები ყველაზე ხშირად ხდებიან დავიდარაბის ობიექტები ენგას ხალხში.
* * *
9. მეცხრამეტე საუკუნეში ჰომოსექსუალებს – „ცისფერების” ნაცვლად, „მწვანეებად” მოიხსენიებდნენ.
* * *
10. კონტინენტურ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში განთავსებულ ქვეყანაში – მიანმარის კავშირის რესპუბლიკაში, არარეგისტრირებული კომპიუტერის ფლობის შემთხვევაში, მფლობელს შესაძლოა 15 წლითაც კი მიუსაჯონ თავისუფლების აღკვეთა. – (ავტორი გენია.ჯი)