იმჰოტეპი

„კაცობრიობის ცივილიზაციის ისტორიაში პირველი გენიოსი”. – ასე უწოდა ადამიანმა ერთ-ერთ უდიდეს ძველ ეგვიპტელ ხუროთმოძღვარს, სახელმწიფო მოხელეს, ქურუმს, ექიმს, პოეტსა და ფარაონ ჯოსერის უმაღლეს ვეზირს – იმჰოტეპს (მოღვაწეობდა ჩვ.წ.აღ-მდე XXVIII საუკუნეში). (ავტორი გენია.ჯი) „ლეონარდო და ვინჩის წინამორბედად” წოდებული იმჰოტეპი ეგვიპტეში რომ განუზმოლად დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, ამაზე უამრავი ფაქტი მეტყველებს. მისი განუმეორებელი ნიჭი აღიარებული იქნა სიცოცხლეში და აღიარებულია დღემდე, ათასობით წლის გასვლის შემდეგაც კი. პირველი ეგვიპტური პირამიდის ავტორის შესახებ სხვადასხვა უძველეს ეგვიპტურ ქანდაკებებზე შემდეგი სახის ჩანაწერებია დატოვებული: „ქვემო ეგვიპტის მეფის კანცლერი”; „პირველი პირი ფარაონის შემდეგ”; „იუნუს უმაღლესი ქურუმი”; „მთავარი სკულპტორი”; „მთავარი დურგალი” და ასე შემდეგ. ეგვიპტის ახალი სამეფოს ეპოქაში კი, ხალხმა იმჰოტეპი სულაც კულტად აქცია და იგი მედიცინისა და მედიკოსების მფარველ ღვთაებად სცნო. ცნობილია, რომ იმჰოტეპის კულტის სიდიადემ აპოგეას ბერძნულ-რომაული კულტურის აღორძინების ხანაში მიაღწია. იმ პერიოდში იმჰოტეპის სახელზე გახსნილი ტაძრები, მათ შორის მის მშობლიურ ქალაქად მიჩნეულ მემფისში არსებული ტაძარი, სავსე იყო სხვადასხვა სენით შეპყრობილი ადამიანებით, რომლებიც გამუდმებულ ლოცვას აღავლენდნენ იმჰოტეპის სახელზე, რათა ისინი გამოჯანმრთელებულიყვნენ (მეორე ვერსიით, იმჰოტეპი თებეს სამხრეთში მდებარე სოფელ გებელეინში დაიბადა).

მიუხედავად ინფორმაციის სიმცირისა, ცნობილია, რომ „კაცობრიობის ცივილიზაციის ისტორიაში პირველი გენიოსის” მამა, სახელად კანოფერე, არქიტექტორი იყო. ცნობილია ისიც, რომ იმჰოტეპი დაქორწინებული გახლდათ მდიდარ და გავლენიან ქალბატონზე – რონფრე-ნოფერტზე და მოღვაწეობა მოუხდა ეგვიპტის ოთხი მმართველის ეპოქაში. მესამე დინასტიის ეგვიპტის ფარაონის – ჯოსერის თანამედროვე პერიოდში ეგვიპტეში ქვისაგან ანაგები შენობა-ნაგებობები არ არსებობდა. სახლებს ძველი ეგვიპტელები თიხისაგან აგებდნენ, რომელთაც შემდგომ მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეებით ხურავდნენ. სასახლეებსა და მასტაბებს კი ისინი აგურით აგებდნენ. მასიური ქვისაგან აგებული პირველი პირამიდის აგების პატივი ჯოსერმა იმჰოტეპს მიაგო და არც შემცდარა. გენიალურმა არქიტექტორმა ფარაონს იმედები არ გაუმტყუნა და შედეგად, არა მხოლოდ საკუთარი სახელი უკდავყო, არამედ თავისი მბრძანებლისაც. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, იმჰოტეპის გენია მარტო არქიტექტურით არ განიზომება, რადგან ის შესანიშნავი ექიმიც იყო. მის მიერ გაკეთებული სამედიცინო ჩანაწერებიდან, კერძოდ კი – „ედვინ სმიტის პაპირუსიდან” ირკვევა, რომ იმჰოტეპს მასში გამოყენებული აქვს 90-ზე მეტი ანატომიური ტერმინი და აღწერილი აქვს 48 სახის ტრამვა. ძალუძდა 200-მდე დაავადების განკურნება. გარდა ამისა, მემფისში სწორედ იმჰოტეპმა ააგო პირველი სამედიცინო სკოლაც. ნიშანდობლივია, რომ ამ მოვლენებს „მედიცინის მამად” წოდებული – ჰიოკრატეს დაბადებამდე რამდენიმე ათასი წლით ადრე ჰქონდა ადგილი.

ბრიტანული ენციკლოპედია ასკლეპიოსის პროტოტიპად ქცეული იმჰოტეპის შესახებ გვამცნობს, რომ იგი ფრიად გავლენიანი და დაფასებული პიროვნება იყო ძველ ეგვიპტეში. იგივე წყარო ირწმუნება, რომ მისი პრესტიჟი საუკუნეების გასვლასთან ერთად კი არ გამქრალა, არამედ პირიქით, ერთიორად გაიზარდაო. ამის დასტურად კი ძველი ელინური პერიოდის ის ტაძრები მოჰყავს, რომლებიც ნამდვილ სამედიცინო ცენტრებად იყვნენ ქცეულნი. საყურადღებოა ისიც, რომ იმჰოტეპის მიერ დაწერილი „გამონათქვამები” მიიჩნევა ეგვიპტური ფოლკლორის განვითარების პირველ საფეხურადაც.

სიბრნით აღჭურვილი „ჯოსერის პირამიდის” არქიტექტორი „მაა”-ს ქურუმსაც წარმოადგენდა და „ურ-მაა”-ს ტიტულსაც ფლობდა, როგორც ტიტულს – უმაღლესი ქურუმისა.

მესამე დინასტიის ბოლო ფარაონის – ჰუნის მმართველობის პერიოდში იმჰოტეპი ხანდაზმულ ასაკში აღესრულა. ის, თუ, სად დაკრძალეს იგი, დღემდე დაუდგენელია. იმჰოტეპის დიდ ავტორიტეტზე მეტყველებს ისიც, რომ გავრცელდა ლეგენდები, თითქოს იმჰოტეპი სიკვდილის შემდეგაც კი ეხმარებოდა ადამიანებსო. – (ავტორი გენია.ჯი)

იმჰოტეპის მიერ აგებული „ჯოსერის პირამიდა”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>