ნიკოლოზ ნეკრასოვის შესახებ…

„არც ერთ სახელოვან რუს პოეტს არ დაუწერია იმდენი ცუდი ლექსი შეუდარებლად გენიალურ ქმნილებებთან ერთად, რამდენიც ნეკრასოვსო”, – ერთ ხმაში ამტკიცებდნენ დიდი რუსი პოეტისა და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსად აღიარებული – ნიკოლოზ ნეკრასოვის (1821-1877 წლები) შესახებ კრიტიკოსები. (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც, ნეკრასოვის პიროვნება ისეთივე წინააღმდეგობრიობით იყო აღსავსე, როგორც მისი შემოქმედება. ბიოგრაფების ცნობით, ნიკოლოზის უცნაური თვისებები, რომელთაც იგი პირად ცხოვრებაში მუდმივად იჩენდა, დაკავშირებული იყო პოეტის ბავშვობასთან. „სიყვარული ბოროტებაა”. – ეს უცნაური ფრაზა, რომელიც სამარადჟამოდ აღიბეჭდა ნიკოლოზის მეხსიერებაში, სრულად შეესაბამება ნეკრასოვების ოჯახში წარმოქმნილ გაუსაძლის მდგომარეობას. ნეკრასოვის აზარტული თამაშების მოტრფიალე მამამ, რუსეთის არმიის ოფიცერმა – ალექსანდრე ნეკრასოვმა თავის დროზე სიყვარულით იქორწინა დიდგვაროვან ახალგაზრდა გოგონაზე – ელენა ზაკრევსკაიაზე. გოგონაზე, რომელიც კარგი მანერებით, კარგი განათლებითა და შესაშური ერთგულების გრძნობით იყო დაჯილდოებული. მშობლებისაგან გასაიდუმლოებულ ვითარებაში ახლადჯვარდაწერილი წყვილის იდილიური ცხოვრება რამდენიმე ხანში ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. ქორწინების შემდეგ ცოლ-ქმარს შორის რომანტიკული ურთიერთობები გაქრა და ამის მიზეზი ალექსანდრე იყო, რომელმაც დროთა განმავლობაში მთელი თავისი „ბრწყინვალებით” წარმოაჩინა საკუთარი თავი ახალგაზრდა მეუღლის წინაშე. მკაცრ, უხეშ, ალკოჰოლის მოყვარულ და დებოშიორ ალექსანდრესთან თანაცხოვრებაში ელენას 13 შვილი შეეძინა. მათ შორის ერთ-ერთი მათგანი – ნიკოლოზი იყო. ნეკრასოვი იგონებდა, თუ როგორ დაუნდობლად უსწორდებოდა მისი პატარაობის ჟამს მთვრალი მამა დედასა და ოჯახის სხვა წევრებს, მათ შორის შვილებსაც. ელენა გააფთრებით იცავდა თავის შვილებს გამძვინვარებული მამისაგან, რის გამოც თავად ხდებოდა ყველაზე ხშირი თავდასხმის ობიექტი. ლიტერატორი აღიარებდა, რომ იმ საშინელმა გარემომ, რომელიც ოჯახში სუფევდა, დიდი გავლენა იქონია როგორც ჩემ ცხოვრებაზე, ასევე შემოქმედებაზეო. მიუხედავად ქმრის მხეცური საქციელისა, ელენა არა მხოლოდ გასაოცარი მოთმინებით იტანდა ყოველივეს, არამედ პოულობდა საშუალებას იმისა, რომ, როგორმე განათლება მიეცა თავისი შვილებისათვის. „ლიტერატურის სიყვარული ჩემში დედამ დანერგაო”, – არაერთხელ შეუნიშნავს ნიკოლოზს.

როგორც ყოფილმა სამხედრო პირმა, ალექსანდრემ მიზნად დაისახა თავის ვაჟსაც (ნიკოლოზს) სამხედრო კარიერა აერჩია, რის გამოც იგი სანკტ-პეტერბურგში მიავლინა „კეთილშობილთა პოლკში” სასწავლებლად. თუმცა დედაქალაქში მყოფ მოზარდს დესპოტი მამისაგან განსხვავებით, სხვა მიზნები აღმოაჩნდა. მას შემდეგ, რაც ალექსანდრემ გაიგო, რომ მისმა ვაჟმა სამხედრო სასწავლებელს თავი ანება და ადგილობრივ უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად მოეწყო, მის გამძვინვარებას საზღვარი არ ჰქონდა. მან უარი განაცხადა თავის ვაჟზე და ყოველგვარი ფინანსური დახმარება შეუწყვიტა მას. ეს კი თავის მხრივ, გადამწყვეტი ეტაპი აღმოჩნდა ნეკრასოვის ცხოვრებაში. შედეგად, დაიწყო მშობელი მამისაგან მიტოვებული 16 წლის მოზარდის გააფთრებული ბრძოლა ცხოვრების უკუღმართ ლაბირინთებთან. მოგვიანებით აღნიშნული პერიოდის შესახებ ნეკრასოვი იგონებდა: „ტავერნაში შესულს ყოველთვის გაზეთი მეჭირა ხელში, რათა მისი საშუალებით დამემალა ის მოპარული ლუკმები, რომლებიც სხვებს დარჩათ შეუჭმელი. იყო დრო, როდესაც უსახლკაროს ღატაკი ადამიანების გვერდით მომიხდა ქუჩაში ცხოვრება. და სწორედ მაშინ, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფმა 16 წლის მშიერმა ყმაწვილმა, საკუთარ თავს სიტყვა მივეცი, რომ მომავალში აღარასოდეს მომიხდებოდა დაუნდობელი ბრძოლა სარჩო-საბადებლის მოსაპოვებლად და არასოდეს ამომძვრებოდა სული სიღატაკეში ვიღაცის მესრის ძირში ან ვიღაცის სახლის სხვენზე”. – (ავტორი გენია.ჯი)


ალექსანდრე ნეკრასოვი და ელენა ზაკრევსკაია (ნიკოლოზ ნეკრასოვის მშობლები)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>