ისააკ მერიტ ზინგერი – „ეპიზოდი”
1850 წელს ნიუ-იორკში ახლად დასახლებულმა ამერიკელმა გამომგონებელმა და მეწარმემ - ისააკ მერიტ ზინგერმა (1811-1875 წლები) იმავე ქალაქში მცხოვრები ამერიკელი გამომგონებელი – ორსონ ფელპსი გაიცნო. რამდენიმე ხანში, ისააკთან დამეგობრებულმა ორსონმა ზინგერს ამაყად წარუდგინა თავისი ახალი ქმნილების – საკერავი მანქანის ნიმუში, რამაც აღფრთოვანებაში მოიყვანა იგი. (ავტორი გენია.ჯი) ზინგერმა იმთავითვე გაათვითცნობიერა, რომ ფელპსის ინოვაციურ პროდუქტს დახვეწა და სრულყოფა ესაჭიროებოდა, რის გამოც დაიწყო კიდეც მისი სრულყოფის პროცესი. ზინგერის ბიოგრაფთა მტკიცებით, ამერიკელი გამომგონებლის ერთ-ერთ თვისებას, მისი სიზარმაცე წარმოადგენდა, რის გამოც შეურჩიეს კიდეც მეტსახელად – „ლეგენდარული ზარმაცი”. ამ გარემოებას თავად ისააკიც აღიარებდა და მის ერთ-ერთ ნაკლად სწორედ რომ პათოლოგიურ სიზარმაცეს ასახელებდა. გარდა ამისა, ისააკი შენიშნავდა, რომ ნებისმიერი სახის სამუშაო, რომელიც გართობას და მითუმეტეს, მანდილოსანთა კამპანიას მოწყვეტდა, არასასიამოვნო იყო მისთვის. თუმცა-კი, უნდა შევნიშნოთ, რომ ზინგერის პათოლოგიური სიზარმაცე გახლდათ მიზეზი იმისა, რომ ყოველ საქმიანობას იგი სწრაფი ტემპით ასრულებდა, რათა შემდგომ კვლავაც სიზარმაცისათვის მიეცა თავი. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ორსონ ფელპსის მიერ შექმნილი საკერავი მანქანის სრულყოფას ზინგერმა ათი დღე მოანდომა. მას შემდეგ, რაც ზინგერი მუშაობას შეუდგა, პირველი ორი დღის განმავლობაში არაფერი უჭამია. მეუღლე, რომელმაც მუშაობის პროცესში ჩაძირული ქმარი სადილზე მიიწვია, ზინგერმა უხეშად გააგდო სამუშაო კაბინეტიდან. მუშაობის დაწყებიდან მესამე დღეს, როგორც იქნა, ზინგერი შიმშილის ბუნებრივმა მოთხოვნილებამ შეაწუხა და ის იყო ორიოდე კოვზი სუპი შეჭამა, რომ თავში ახალი იდეა მოუვიდა. შედეგად, ისააკმა ჭამა შეწყვიტა და კვლავაც კაბინეტს მიაშურა სამუშაოს გასაგრძელებლად. მას შემდეგ სრული ერთი კვირა გავიდა. ზინგერს ამ ხნის განმავლობაში თავისი სამუშაო კაბინეტი თითქმის არ დაუტოვებია. როდესაც ათი დღის ნაშიმშილებმა გამომგონებელმა მუშაობა დაასრულა და კვლავაც დაუბრუნდა ცხოვრების ნორმალურ რიტმს, მერი ენ სპონსლერმა (გამომგონებლის მეუღლემ) შენიშნა, რომ ადამიანისთვის არ შეიძლებოდა ასეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შიმშილობა, რაზეც ისააკისაგან შემდეგი პასუხი მიიღო: „სამაგიეროდ, იმის წყალობით, რომ, რამდენიმე დღე ვიშიმშილე, ჩემს შვილებს აღარასოდეს მოუწევთ შიმშილობა”. – (ავტორი გენია.ჯი)