პოლ გოგენის ეგზოტიკური სახელოსნო
რას აღარ ნახავდით დიდი ფრანგი პოსტიმპრესიონისტი ფერმწერის – პოლ გოგენის (1848-1903 წლები), ამ უკიდურესად ახირებული ადამიანის გემოვნებით მოწყობილ სახელოსნოში, რომელიც სიმართლე რომ ვთქვათ, ერთობ უცნაურ შთაბეჭდილებას ახდენდა ადამიანში. (ავტორი გენია.ჯი) დიდი ფანჯრით განათებულ მხატვრის სახელოსნოში უმალ თვალში მოგხდებოდათ მოლბერტის გვერდით სამფეხაზე დამაგრებული დიდი ფოტო-აპარატი და დაძენძილ დივანთან მდგარი დანჯღრეული პიანინო; ყვითელი ქრომით შეფერილ კედლებზე მხატვარს თავისი ტაიტური ნამუშევრების ერთი ნაწილი ჩამოეკიდა, გვერდით კი სიმბოლიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ფრანგი მხატვრის – ოდილონ რედონის ნახატები; გარდა ამისა, სახელოსნოში გოგენს წარმოდგენილი ჰქონდა პოლ სეზანის ერთი ნატურმორტი, ვან გოგის შედევრი-ტილო – „მზესუმზირები”, მისივე იისფერი პეიზაჟი, იაპონური ესტამპები, ლუკას კრანახის, ჰანს ჰოლბეინის, ბოტიჩელისა და ედუარ მანეს სურათების რეპროდუქციები. ხოლო მათ შორის – იარაღი: ბუმერანგები, შუბები და კასტეტები, მოწითალო, შავი ანდა ნარინჯისფერი ხისგან ნაკვეთი პოლინეზიური მუსიკალური საკრავები; ვარდისფერი მარმარილოს ბუხრის თავზე კი ტაიტიდან ჩამოტანილი კლდის ნატეხები და სამხრეთის ზღვის ნიჟარები შემოეწყო. ამ ეგზოტიკურ სამხატვრო ანსამბლს ავსებდა კიდევ ერთი შტრიხი – სახელოსნოში გოგენს ერთი ფერადკანიანი ქალი ჰყავდა მოსამსახურედ. ამ ტანდაბალ, მაიმუნის მსგავს იაველ მულატს სახელად ანახი ერქვა და სადაც წავიდოდა, პატარა მაიმუნს დაატარებდა, რომელსაც ტაოას თუ დაუძახებდით, გაგაგონებდათ.
ამ უცნაური სახელოსნოს მინების მოსახატად პოლ გოგენმა ტაიტური მოტივები გამოიყენა და ერთ-ერთს მეტად მრავლისმეტყველი წარწერაც გაუკეთა: „ფარურუ”, ესე იგი – „სიყვარულისთვის განკუთვნილი ადგილი”. – (ავტორი გენია.ჯი)