პოლინა ბონაპარტის შესახებ…
როგორც ცნობილია, მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ფრანგ მხედართმთავარს – ნაპოლეონ ბონაპარტს სამი ღვიძლი და ჰყავდა – ელიზა, კაროლინა და პოლინა, რომელთაგანაც ყველაზე ახლო ურთიერთობა საფრანგეთის იმპერატორს ამ უკანასკნელთან გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, ახალგაზრდა ოფიცრებთან სასიყვარულო ურთიერთობებში შემჩნეული მშვენიერი პოლინა ბონაპარტი (1780-1825 წლები) ნაპოლეონს ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ჰყავდა მოქცეული. ჰაიტიდან დაბრუნებულ პოლინას, სადაც იგი დაქვრივდა, ძმამ საჩუქრად იტალიური ისტორიული ქალაქი – გუასტალა გადასცა და ჰერცოგინიას ტიტულიც უბოძა. თუმცა, მოგვიანებით, ამ თავქარიანმა ქალმა ძმის მიერ ნაჩუქარი ქალაქი 6 მილიონ ფრანკად მიჰყიდა პარმის ჰერცოგს. პოლინას ექსტრავაგანტული ქმედებების შესახებ უამრავი წყარო გვაწვდის ინფორმაციას. მაგალითად, ერთ-ერთი სანდო წყარო ირწმუნება, რომ ბონაპარტის მფარველობისა და მზურნველობის ქვეშ მყოფ პოლინას ძალიან უყვარდა აღმოსავლური სტილის მქონე გრძელი კაბებით შემოსვა, რა დროსაც კაბის შიგნით არასოდეს არაფერს იცმევდა, მათ შორის არც საცვლებსო. ხელზე კი ძმის მიერ ნაჩუქარი იმოდენა ოქროს სამაჯური ეკეთა, რომ ხელის შემჩნევაც კი რთული საქმე იყო. ცნობილია ისიც, რომ პოლინას ძალიან უყვარდა მის ხელქვეით მყოფ მოსამსახურე ქალწულთა (ფრეილინების) ზურგის დასაჯდომად გამოყენება, ხოლო აბაზანაში იგი ხელში ატაცებული ტახტრევნით გაჰყავდა მრავალრიცხოვან შავკანიან მონა-ქალებს. მას შემდეგ, რაც ნაპოლეონმა ძალაუფლება დაკარგა, მისი ფავორიტი დის გავლენებსა და ფინანსურ შესაძლებლობებს დიდი დარტყმა მიადგა. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის იშვიათი ადამიანი, რომელიც ყველასაგან დევნილ ნაპოლეონს გვერდში დაუდგა, სწორედ რომ პოლინა იყო. მან გაყიდა ყველაფერი, რაც კი ებადა და აღებული თანხა ეტაპობრივად მიაწოდა ელბაზე გადასახლებულ ძას. გარდა ამისა, მის მიერ ნაპოელონისათვის გაგზავნილი წერილები გაჟერებული იყო გამამხნევებელი და დამამშვიდებელი სიტყვებით. საბოლოო ჯამში, ფუფუნებისა და განცხრომის მოყვარული ქალი, რომლის მშვენიერება თავბრუს ახვევდა უამრავ მამაკაცს, რომის პაპის – პიუს VII-ს მიწვევით „მარადიულ ქალაქში” დასახლდა, სადაც აღესრულა კიდეც ავთვისებიანი სიმსივნის შედეგად 1825 წლის 9 ივნისს. – (ავტორი გენია.ჯი)