პედრო I მრისხანე – „ეპიზოდი”
კასტილიისა და ლეონის მეფეს – პედრო I მრისხანეს (1334-1369 წლები) ერთი უჩვეულო თვისება ახასიათებდა: მონარქს აბასიანთა დინასტიის ხალიფის – ჰარუნ-ალ რაშიდის მსგავსად, ღამღამობით უყვარდა ქალაქის ყრუ ქუჩებში სიარული. (ავტორი გენია.ჯი) სევილიის ქუჩებში ერთ-ერთი მორიგი ღამეული გასეირნების დროს, უბრალო მოქალაქის სამოსით მოსილ პედროს ჩხუბი მოუვიდა უცხო ახალგაზრდა მამაკაცთან, რომელიც თავის შეყვარებულს ფანჯარასთან სერენადას უმღეროდა. ღამის მყუდროების „დამრღვევ” მოქალაქეს მეფემ შენიშვნა მისცა, რაც შეყვარებულმა მამაკაცმა შეურაცხყოფად მიიღო. სიტუაცია მათ შორის იმდენად დაიძაბა, რომ შეყვარებულმა რაინდმა, რომელმაც პედროში მეფე ვერ შეიცნო, იგი დუელში გამოიწვია. აღნიშნულ ეპიზოდამდე რამდენიმე ხნით ადრე, პედრო I-მა გამოსცა დეკრეტი, რომელიც თავისი სამეფოს მოქალაქეებს კატეგორიულად უკრძალავდა დუელში მონაწილეობის მიღებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული კანონის დამრღვევი – თავის მოკვეთით ისჯებოდა. მიუხედავად უკიდურესი კანონმორჩილებისა, პედრომ შეყვარებული რაინდის გამოწვევა მაინც მიიღო, რითაც მის მიერ მიღებული კანონი თავადვე დაარღვია. ქუჩაში დაწყებული აყალ-მაყალისა და ხმლების ჩახა-ჩუხის ხმამ იქვე მაცხოვრებელი ერთი დედაბერი გამოაღვიძა. მან სარკმელი გამოაღო და პატარა სანათურით „კანდელახოთი” სწორედ იმ დროს გაანათა ბრძოლის ველი, როდესაც შეყვარებული რაინდის მკვლელი უცნობი მამაკაცი მარდად ტოვებდა დანაშაულის ადგილს. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ პედროს ერთი უჩვეულო ნაკლი ახასიათებდა: სიარულის დროს ამ ღონიერი ვაჟკაცის ფეხის კოჭები ძლიერი ტკაცატკუცით გამოირჩეოდა, რაც სამეფოში თითქმის ყველასათვის იყო ცნობილი. და სწორედ ამ თვისებით ამოიცნო დედაბერმა უცნობ მამაკაცში იმ ღამით მეფე. შესაბამისად, ხალხში უმალვე იქნა გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ მეფემ ახალგაზრდა მამაკაცი იმსხვერპლა დუელში, რითაც თავად დაარღვია კანონი დუელის შესახებ.
აქვე შევნიშნოთ ისიც, რომ პედროს თავისი მეტსახელი „მრისხანე” მმართველობის დასაწყისში განხორციელებული რეპრესიების გამო უწოდეს, რომელიც მიმართული იყო მისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. თუმცა, მმართველობის შემდეგ პერიოდში, მაშინ, როდესაც პედროს სამეფო ძალაუფლებას აღარავითარი საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მისი სამართლიანი ქმედებებიდან გამომდინარე, კასტილიისა და ლეონის მონარქს – „სამართლიანი” უწოდეს. მოულოდნელი დუელის გამართვიდან მეორე დღეს პედრო I-ს სამეფო სასახლის მორიგე – ვენტკვატრო ეახლა და მოახსენა: „ – თქვენო უდიდებულესობავ, წუხელ ქალაქში დუელი მხოდა. ერთ-ერთი მებრძოლთაგანი მოკლულია”.
- აღმოაჩინეთ მკვლელი? – იკითხა მეფემ.
- დიახ, მეფეო. – უპასუხა მორიგემ.
- მერე აქამდე რატომ არ არის დასჯილი?
- თქვენო უდიდებულესობავ, მე თქვენს ბრძანებას ველი.
- აღასრულეთ კანონი! – ბრძანა პედრომ და ვენტკვატროსთან აუდიენცია შეწყვიტა.
სამეფო სასახლის მორიგე მეფის ბრძანებამ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. ერთის მხრივ, კანონის თანახმად, პედრო I თავის მოკვეთით უნდა დასჯილიყო ჩადენილი დანაშაულის გამო, მაგრამ მეორეს მხრივ, მბრძანებლის სიკვდილით დასჯა ყოვლად წარმოუდგენელი მოვლენა იყო. და მიუხედავად ამისა, ორ ცეცხლშუა მყოფმა გონიერმა ვენტკვატრომ მაინც მონახა ერთობ გონებამახვილური გამოსავალი. იცოდა-რა მან მეფის დანაშაული, სამეფო სასახლის პასუხისმგებელმა მორიგემ მოახერხვინა თავი მეფის ერთ-ერთი ქანდაკებისათვის და მოხერხილი თავი იმ ქჩაზე დაადგმევინა, სადაც მკვლელობა მოხდა.
ვენტკვატროს გონებამახვილურმა ქმედებამ არა მხოლოდ სევილიელებში ჰპოვა მოწონება, არამედ მეფეშიც. ზემოაღნიშნულ ქუჩას კი მოგვიანებით ხალხმა სწორედ იმ სანათურის სახელი უწოდა („კანდელახო”), რომლის საშუალებითაც დადგინდა სიმართლე. – (ავტორი გენია.ჯი)