თურქან-ხათუნის შესახებ…
„მთელი ქვეყნის ქალთა მბრძანებელი”. – ასე უწოდა საკუთარ თავს საქართველოს ამაოხრებლის, ხვარაზმთა იმპერიის უკანასკნელი მბრძანებლის – ჯალალედინის ბებიამ (მამის მხრიდან) – თურქან-ხათუნმა (1140-1233 წლები). (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ, რაც ჩინგიზ-ყაენის უძლეველმა არმიამ ოთხთვიანი ალყის შედეგად აიღო განმარტოებული კლდის თავზე აგებული უმძლავრესი ციხე-სიმაგრე – ილალი, მონღოლ ყაენს ხანდაზმულ დედოფალთან ერთად არა მხოლოდ მთელი ჰარამხანა ჩაუვარდა ხელში, არამედ ხვარაზმ-შაჰის მცირეწლოვანი შვილებიც. სანამ ილალის ციხე-სიმაგრეს მონღოლები აიღებდნენ, ხვარაზმის თვითმპყრობელ მმართველს დაცვის უფროსმა დაუყონებლივ გაქცევა და ჯალალედინის მფარველობის ქვეშ გადასვლა შესთავაზა, თუმცა ამაყი და ერთობ ამპარტავანი თურქან-ხათუნი შეთავაზებულმა წინადადებამ უკიდურესად გაააფთრა. „ – არასოდეს! მირჩევნია უწინ მონღოლთა მახვილმა განმგმიროს! როგორ? ნუთუ ისე დავკნინდი, რომ საძულველი თურქმანი დედაკაცის აი-ჯიჯექის შვილის (ჯალალედინის) მოწყალება მივიღო? მისი მფარველობის ქვეშ ვიცხოვრო, როცა ჩემი კეთილშობილი ყივჩაღთა სისხლის შვილიშვილები მყავს? მირჩევნია, ჩინგიზ-ხანს ჩავუვარდე ტყვედ და ავიტანო მისგან დამცირება და შერცხვენა”. – ამ სიტყვებით უარყო სისასტიკით სახელგანთქმულმა დედოფალმა ციხის დაცვის უფროსის წინადადება. იმ დედოფალმა, რომელმაც ილალის ციხე-სიმაგრეში გაქცევამდე, იმისათვის რომ თავისი შვილიშვილები მომავალი მეტოქეებისაგან გაენთავისუფლებინა, მბრძანებლის სასახლის კარზე ტყვეობაში მყოფი ოცდაშვიდივე ყმაწვილი მდინარე ჯეიჰუნის ყველაზე ღრმა ადგილას დაახრჩობინა თავის მთავარ ჯალათს.
ჩინგიზ-ყაენმა ილალის აღების შემდგომ შაჰის ცოლები, ქალიშვილები და თურქან-ხათუნი მისივე სამხედრო ბანაკში გაგზავნა. ტყვედ აყვანილი ვაჟები კი მისი ბრძანებით მაშინვე დახოცეს. შაჰის ქალიშვილები ყაენმა თავის ვაჟებსა და ახლობლებს ჩამოურიგა, ცბიერი და ვერაგი დედოფალი კი ჩინგიზმა თავისთვის, სასეიროდ დაიტოვა ნადიმობის დროს. ფუფუნებისა და განცხრომის მოყვარული ხვარაზმის იმპერიის თვითმპყრობელი დედოფალი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში სველ საფენებს იდებდა თვალებზე, რათა მისი თვალები უფრო ლამაზი გამხდარიყო, იძულებული გახდა მონღოლი მბრძანებლის კარვის შესასვლელთან მჯდარიყო და სევდიანი სიმღერები ემღერა. ამის სანაცვლოდ კი, ერთ დროს ამაყ დედოფალს ყაენი მხოლოდ გამოხრულ ძვლებს უგდებდა ხოლმე.
ასეთ ავადსახსენებელ ყოფაში მოუხდა მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლის გატარება საქართველოს დაუძინებელი მტრის – ჯალალედინის ბებიას. ქალს, რომელიც ერთ დროს საკუთარ თავს – „მთელი ქვეყნის ქალთა მბრძანებლად” მოიხსენიებდა. – (ავტორი გენია.ჯი)