ჯონ უმიწაწყლოს შესახებ…
ბრიტანელ ისტორიკოსთა ძველი თაობა, პლანტაგენეტთა დინასტიის საყოველთაოდ ცნობილ მეფეს – ჯონ უმიწაწყლოს (1167-1216 წლები), ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდი რეპუტაციის მქონე მმართველად ასახელებდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, თანამედროვე ბრიტანელი ისტორიკოსების მიერ ახლად გამოკვლეული ფაქტებიდან ირკვევა, რომ რიჩარდ ლომგულის ძმა არ ყოფილა მთლად ისეთი ცუდი რეპუტაციის მქონე მმართველი, როგორიც ის მისი ეპოქის ისტორიკოსებმა დაგვიხასიათეს. როგორც რამდენიმე ისტორიული დოკუმენტი მოწმობს, „თავისუფლების დიდ ქარტიაზე” იძულებით ხელმომწერი ჯონ უმიწაწყლო ხშირად ეხმარებოდა ღარიბ-ღატაკ თანამემამულეებს, რის გამოც ხალხში გულუხვი ადამიანის სახელი ჰქონდა გაგდებული. ცნობილია ისეთი ფაქტებიც, როდესაც ინგლისის მეფემ ვალები ჩამოაწერა შეჭირვებულ ხალხს. გარდა ამისა, ჯონ უმიწაწყლო კომპენსაციებს უხდიდა იმ ქვეშევრდომებსაც, რომლებმაც ქვეყანაში მოხშირებული აჯანყებებისა და არეულობების შედეგად ზარალი მიიღეს. მხედართმთავრული ნიჭით დაჯილდოებულ მეფეს განსაკუთრებით იმისთვის აქებდნენ მისი თანამედროვე თანამემამულეები, რომ იგი ერთობ ჰუმანურად ექცეოდა სამხედრო ტყვეებს.
თანამედროვე ეპოქის ბრიტანელი ისტორიკოსები რიგი ისტორიული დოკუმენტების კვლევის შედეგად ასკვნიან, რომ ჯონ უმიწაწყლოს რეპუტაციის განსაკუთრებული შელახვა მომავალი თაობების თვალში მისმა მარცხმა განაპირობა. პლანტაგენეტი მოსისხლე მტრებმა დაამარცხეს (მეფის გავლენიან მტრებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული მათგანი – ინგლისური ეკლესია იყო. თავის დროზე ჯონ უმიწაწყლომ ეკლესიები დაბეგრა, რამაც იგი საეკლესიო იერარქიასთან დიდ კონფლიქტში შეიყვანა). შედეგად კი, დამარცხებული ჯონის შესახებ გამარჯვებულმა მტრებმა მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას შეუწყო ხელი.