სამარყანდი მოღალატეებთან ერთად დაეცა
1220 წელს მონღოლთა უზარმაზარი იმპერიის სულისჩამდგმელმა მხედართმთავარმა – ჩინგიზ ყაენმა, ხვარზმის ქალაქებს შორის ყველაზე გამაგრებულ და ძლიერ ქალაქს – სამარყანდს შემოარტყა ალყა. (ავტორი გენია.ჯი) შუა აზიის რეგიონის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად ქცეულ უძველეს ქალაქს მტრისაგან არა მხოლოდ საიმედო სისქის მქონე მაღალი გალავანი, არამედ ას ათი ათასიანი მეციხოვნე ჯარიც იცავდა. თუმცა ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ სამარყანდის მეციხოვნე ჯარის შემადგენლობაში ძალიან დიდი ძალა, 30 000 ყივჩაღი მეომარი ირიცხებოდა, რომელთაც თავის მხრივ, ქედმაღალი და სამხედრო სტრატეგიის უვიცი – თუღაი-ხანი მეთაურობდა. სამარყანდი, რომელსაც თავისი რესურსის სრულად გამოყენების შემთხვევაში წლების განმავლობაშიც კი ძალუძდა ალყის გაძლება, სულ რაღაც ექვსიოდე დღეში დაეცა ღალატის შედეგად. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ პირველი, ვინც სამარყანდს უღალატა, ქალაქის უწარჩინებულესი პირები იყვნენ. მათ შორის სამარყანდის სასულიერო პირთა ხელმძღვანელი (ყადი) – შეიხ-ულ-ისლამი. ღალატის გზას დაადგა ყივჩაღებიც. მათი ოცდაათი ათასინი არმია ცოლ-შვილიად მიეახლა მონღოლებს და სრული მორჩილება აღუთქვა მათ. ყივჩაღთა არმიის მოღალატურმა დანებებამ დიდ ყაენს ირონიული ღიმილი მოჰგვარა, თუმცა-კი მფარველობასა და სრულ ხელშეუხლებლობას დაპირდა თუღაი-ხანს. დაპირდა, მაგრამ ჩინგიზმა აქაც თავისი პირობები წაუყენა სამარყანდის მოღალატეებს. იმ სამარყანდისა, რომელმაც დიდსულოვნად შეიფარა დედაბუდიანად წლების განმავლობაში ყივჩაღთა ურდო. მონღოლთა სამსახურში მოღალატურად ჩამდგარი ყივჩაღების თავს რომ კარგი რამ არ დატრიალდებოდა, იმ პირველი ბრძანებითაც გამოჩნდა, რომლის თანახმადაც ყივჩაღებს კეთილი უნდა ენებათ, მონღოთა გარეგნობა მიეღოთ. ამიტომაც იყო, რომ მტრის სამსახურში ჩამდგარ ყივჩაღ „მეომრებს” ერთობ დამამცირებელ გარემოებებში მოპარსეს თმები ნახევარმთვარისებურად და ბანაკადაც ყველაზე უვარგისი ადგილი მიუჩინეს. ბანაკში ყივჩაღებმა კარვები გამართეს და ოჯახებიანად იქვე მოეწყვნენ. რამდენიმე ხანში, უიარაღო ყივჩაღთა ბანაკი საშინელმა ხმებმა შეძრა: გამძვინვარებული მონღოლები თავს დაესხნენ და სრულიად მოსრეს, მიწასთან გაასწორეს სამარყანდის მოღალატეთა ბანაკი. დამპყრობლებმა ამოხოცეს ყველა და დაიტაცეს ყივჩაღთა ქონება. „მათ არც ბრძოლისათვის აღმოაჩნდათ ვაჟკაცობა და არც გაქცევისთვისო”. – ასე შეაფასეს მოგვიანებით ცოცხლად გადარჩენილმა სამარყანდელებმა ყივჩაღთა სამარცხვინო საქციელი. – (ავტორი გენია.ჯი)