საბაჰათინ ალი – „მთვარე”
„ჩვენ ვერასოდეს შევიგრძნობთ ღამის მომხიბლაობას მთელი ჩვენი არსებით, რადგან თავი ათსაგვარი სისულეებითა გვაქვს გამოტენილი. ჩვენ რომ შეგვეძლოს ოცი-ოცდაათი საუკუნის წინათ მცხოვრები ადამიანების თვალით შევხედოთ ბუნებას, მაშინ ასე დადუმებულნი არ ვიქნებოდით. ისინი ტყუილად როდი აღმერთებდნენ მზესა და მთვარეს, ბორცვებს, ღრუბლებსა და ელვას. მათ ჩვენზე უკეთ ესმოდათ ბუნების სულის საიდუმლოებანი. ჩვენ კი ასეთი რამეებისაგან შორსა ვართ, ჩვენი პაწია ტვინი გატენილია სულელური წიგნებით, უსარგებლო გამოანგარიშებებითა და, რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, საკუთარი მოგებებისა და ინტერესების კარგად წარმართვის სურვილით. აბა მითხარით, რომელი მეცნიერება, რომელი პოეზია, რომელი სიყვარული, რომელი სახელმწიფო შეიძლება იყოს ამ სურათზე ძლიერი და მშვენიერი? მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც დავაბიჯებთ თავჩაქინდრულნი. ვინ იცის, რამდენი კაცი შესცქერის ახლა მთვარეს? ალბათ, ათასეულებიდან მხოლოდ ერთეულები, მაგრამ მთვარე კი ყველას და ყველაფერს დასცქერის და ჩვენს გულგრილობას ნაზი და კეთილი ღიმილით პასუხობს. როცა ნათელ მთვარეს ვაკვირდები, ასე მგონია, უამრავ სურათს ვხედავ-მეთქი. ამ მთვარის შუქზე ყვითელი მდინარის ნავებში სძინავთ დაქანცულ მუშებს. ინდოეთში დიდი კაკლის ხეთა ტოტებზე თუთიყუშები თვლემენ, ნილოსის წითელ ნაპირებზე გართხმული ნიანგები ისვენებენ, ხოლო რომელიმე დიდი ქალაქის ბაღში დროსსატარებლად მისული მთვრალი არისტოკრატები საყვარლებს ეხვევიან. მაგრამ ნახე, რა უცოდველი სახე აქვს ამ მთვარეს. იგი მაინც ინარჩუნებს თავის სილამაზეს და სისპეტაკეს, თუმცა ბრძოლის ველზე მომაკვდავ ადამიანებსაც ხედავს და მდიდართა სასახლეების ეზოებში ნაგვის ყუთებში ლუკმაპურის მძებნელთაც. ხედავს იმ ქალებსაც, ღამეში ორ-ორ საყვარელს რომ აძვრენენ ფანჯრებიდან, ხედავს და მაინც ასეთია… ჩვენ კი დაბედებული გვაქვს სამუდამოდ ვატაროთ და არ დავივიწყოთ თუნდაც მცირე ნაწილი ყველა იმ სისაძაგლის, სიმდაბლისა და საზიზღრობისა, რაც ოდესმე გვინახავს. რა პატარანი და რა საბრალონი ვართ მთვარესთან შედარებით”. – (ავტორი გენია.ჯი)