ელისაბედ I ტიუდორი – „ეპიზოდი”
ისტორიკოსებმა დღემდე ვერ დაადგინეს ზუსტად, რამ განაპირობა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე დარჩენილიყო დაუქორწინებელი „ქალწულ დედოფლად” წოდებული ინგლისისა და ირლანდიის საყოველთაოდ ცნობილი დედოფალი - ელისაბედ I ტიუდორი (1533-1603 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ისინი ამის მიზეზად ორ გარემოებას ასახელებენ: პირველი – ელისაბედის დამოუკიდებლობის მოყვარული ხასიათი, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ არავის გავლენისა და მბრძანებლობის ქვეშ არ სურდა მოქცევა, თუნდაც ის ქმარი ყოფილიყო; და მეორე – ფსიქოლოგიური ტრამვა – ელისაბედი იძულებული იყო ბავშვობიდანვე ედევნებინა თვალი იმ სავალალო და ტრაგიკული მოვლენებისათვის, რაც მისი მშობლების – ჰენრი VIII და ანა ბოლეინის ქორწინებას ახლდა თან.
„ღვთის სადიდებლად და სახელმწიფოს საკეთილდღეოდ, მე გადავწყვიტე შეურყევლად შევინარჩუნო ქალწულობის ვალდებულება. შეხედეთ და დააკვირდით ჩემს სახელმწიფო ბეჭედს, – და ელისაბედმა თითზე გაკეთებული ძალაუფლების სიმბოლოზე მიანიშნა ქვეშევრდომებს, – მე უკვე დავქორწინდი მასზე, რომლის ერთგულიც ვიქნები სამარის კარამდე… ჩემი ქმარი – ინგლისია, შვილები – ჩემი ქვეშევრდომები. მე მინდა, რომ ჩემს საფლავზე დააწერონ: „იცხოვრა და მოკვდა დედოფლად და ქალწულად”. – (ავტორი გენია.ჯი)