სერგი ჭილაია წერდა…
„ვინ არიან დღეს შენი მებაღეები წალკოტის მსგავსო, ჩემო პატარა ქვეყანავ, რომ სულზე მოგისწრონ და გამოგაბრუნონ? მართალია გარს გეხვევიან, სიყვარულსა და ერთგულებასაც ჩემულობენ შენსას, მაგრამ ეს ყოველიფერი მათივე თავმოყვარეობის ნაყოფია. საპირადო ჩარჩოებში ჩასმული. დღევანდელი ჩვენი წარა-მარა ღრიალი: „გაუმარჯოს საქართველოს!” და „მრავალჟამიერო!” რა არის თუ არა საჭყაპელათი შაბიამნის გარეგანი შეშხაპუნება? თავმომწონედ რომ დამჭკნარ შტოებს ვეპოტინებით და ფესვები ლამის ამოვაგდოთ, ნუ თუ ეს არის გონივრული ჭირისუფლობა? „მრავალს მეტყველებით ვერავინ ცხონდებაო”, ბრძანებს უფალი, და ჩვენ კი ცარიელ სიტყვებათა ვართ გადაქცეული… აბა ვის უჭირავს ხელში ის ცული, ის მახვილი, რომლითაც უნდა დღევანდელ ცხოვრებას გამხმარი შტოები მოაცილოს, ვარდსა და ეკალს ძირი უგდოს, ხორცმეტი მოჰკვეთოს, რომ დამჭკნარი გაანედლოს? ეს ცული და მახვილი არის შეგნებული სიყვარული და ერთგულება ქვეყნისა, რომელსაც თავდადება ჰქვია და სიმართლით გალესილი, უსასყიდლოდ, უშიშრად, პირდაპირ სჭრის და ჰკვეთავს… ბრალი ვის უნდა დავსდვათ? ვინ უნდა გავამტყუნოთ? ხალხი თუ მეთაურები? რასაკვირველია, მეთაურები!” – (ავტორი გენია.ჯი)