იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე – „მთავარია, რომ”…

„მე არ მეშინია, რომ გერმანია დაქუცმაცებული დარჩება. ჩვენი ჩინებული გზატკეცილები და სამომავლო რკინიგზები, სულერთია, თავიანთ საქმეს გააკეთებენ. მთავარია, რომ გერმანელებს ერთიმეორე უყვარდეთ! და რომ ერთსულოვანი იყონ გარეშე მტრებთან ბრძოლაში; რომ გროშებსა და ტალერებს გერმანიის ყოველ მხარეში ერთნაირი ფასი ჰქონდეთ; რომ შეიძლებოდეს კაცმა ჩემოდანი ისე შემოატაროს ყველა ოცდათექვსმეტ სამთავროში, ერთხელაც არ მოუხდეს გახსნა საბაჟო სამსახურისთვის; რომ რომელიმე ვაიმარელი მოქალაქის პასპორტი ვერ ჩათვალონ დიდ მეზობელ სამთავროში ძალადაკარგულ „უცხოურ პასპორტად”; რომ გერმანიის ფარგლებში სულაც მოიშალოს ერთიანის ნაცვლად „საზღვარგარეთის” ცნება; რომ გერმანია ამიერიდან ერთიანი იყოს თავისი ზომა-წონით, აღებ-მიცემობით, და სხვა უთვალავი რამ, რისი დასახელებაც არ შემიძლია.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ გერმანიის ერთიანობა იმაში გამოიხატება, ერთი დიდი სახელმწიფო იყოს ერთი დიდი რეზიდენციით, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ცალკეულთა ნიჭის განვითარებას, ასევე სახალხო კეთილდღეობას, – შემცდარი იქნება.

მავანმა სახელმწიფო შეადარა ერთ დიდ ცოცხალ სხეულს, მრავალი კიდურის მფლობელს, ასევე რეზიდენცია შეადარა გულს, რომელიც შორეულ და მახლობელ ნაწილს სიცოცხლითა და სიჯანსაღით ამარაგებს. მაგრამ რაც უფრო შორს იქნება გულიდან ორგანიზმის რომელიმე ნაწილი, მით უფრო სუსტად მიაღწევს სიცოცხლის მჩქეფარე ნაკადი მასთან, უფრო და უფრო დასუსტდება.

რით არის გერმანია დიადი, თუ არა საოცარი სახალხო კულტურით, რომელიც მის ყოველ ნაწილში ერთნაირად შეჭრილა და განვითარებულა? გერმანიას რომ საუკუნეების განმავლობაში ჰქონოდა მხოლოდ ორი კულტურული ცენტრი, ვენა და ბერლინი, ან თუნდაც ერთი, მაშინ დავინახავდი, რა ვითარებაში იქნებოდა გერმანული კულტურა, ან საყოველთაო კეთილდღეობა, რაც საერთოდ ხელიხელჩაკიდებული მოდის კულტურასთან ერთად.

გერმანიას აქვს ოცზე მეტი უნივერსიტეტი, განაწილებული მთელს სახელმწიფოში, ასზე მეტი ასევე განფენილი საჯარო ბიბლიოთეკა, დიდი რაოდენობით ხელოვნების ნაწარმოებები, ბუნების სამეფოს საგანთა საცავები. ყოველი მთავარი ცდილობდა ასეთი რამეები თავის სიახლოვეს და სხვაზე უკეთესი ჰქონოდა. უთვალავი გიმნაზია და ტექნიკური სასწავლებელია ჩვენს ქვეყანაში, და თითქმის ყოველ სოფელს თავისი სკოლა აქვს.

ახლა თეატრები ნახეთ, სამოცდაატზე მეტი თეატრია, არც ეს უნდა დავივიწყოთ. განა ეს თეატრები ცოტას აკეთებენ სახალხო განათლებისა და კულტურის განვითარებისათვის? მუსიკისა და სიმღერისადმი ცხოველი ინტერესი, საამისო განათლების საქმე არსად არაა ისე განვითარებული, როგორც გერმანიაში, ესეც ხომ რამეს ნიშნავს!

წარმოიდგინეთ ქალაქები დრეზდენი, მიუნხენი, შტუტგარტი, კასელი, ბრაუნშვაიგი, ჰანოვერი და სხვები; წარმოიდგინეთ ის მაცოცხლებელი ძალა, რითაც ისინი ზეგავლენას ახდენენ მეზობელ პროვინციებზე, და განა ეს ყველაფერი ასე მოხდებოდა, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში მთავართა რეზიდენციები არ ყოფილიყო?

ფრანკფურტი, ბრემენი, ჰამბურგი, ლუბეკი დიდი და ბრწყინვალე ქალაქები არიან. მათი ზეგავლენა გერმანიის კეთილდღეობაზე უზარმაზარია. მაგრამ დარჩებოდნენ ასეთებად, რომ მათი სუვერენიტეტი რომელიმე სხვა სამთავროს უფლებებისათვის დაექვემდებარებინათ, როგორც პროვინციული ქალაქები? მაქვს საფუძველი, რომ ამაში ეჭვი შევიტანო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>