„შემოდგომა”
„შემოდგომაა. შემოდგომა. ბუნებას დიდებულად აქვს მოწყობილი ეს ჰარმონია – ზაფხულს შემოდგომა ცვლის, შემოდგომას – ზამთარი, ზამთარს ისევ გაზაფხული. მოვა გაზაფხული და ისევ შეიმოსება მთელი ბუნება, იისფერ და მწვანე კაბებს ჩაიცვამს, მერე ისევ გაიფოთლება ზაფხულის მზით გახარებული, გაიშლება და ადამიანებსაც გულს გადაუშლის. მერე შემოდგომის დოვლათი დააპურებს მთელ სამყაროს. იისფერებს, ლურჯსა ფერებს, მწვანე ფერებს ყვითელი ფერები შეცვლიან. ხეებს სცვივა და სცვივა ყვითელი ფერი, ველს და მინდორს მოედება და მიიძინებს მთელი ბუნება ზამთრის ძილით. ადამიანსაც აქვს თავისი ზაფხული და გაზაფხული, თავისი ხანმოკლე შემოდგომაც, მაგრამ, ჰაიდა, გადავა შემდეგ მუდმივ ზამთარში და არც არასოდეს ეღირსება ლურჯი ფერების, მწვანე ფერების, იის ფერების ხილვა, მაგრამ იქნებ მე ვაჭარბებ, იქნებ შვილებია ჩვენი ზაფხულიც, გაზაფხულიც. ისინი იხილავენ ჩვენს მაგივრად ახალმოსულ იას, ენძელას, მარტვილის ფერდობზე მოსულ ყვავილებსა და ვარდებს. ჰოდა ასეა. ადამიანებშიაც იგივე ჰარმონიაა, რაც ბუნებაში. ასე რომ არ იყოს, მაშინ ალბათ არც დავეძალებოდით ამ ცხოვრებას. სიცოცხლის ნატვრას, სიყვარულის წყურვილს არც ექნებოდა ადამიანის არსებაში ადგილი. ბუნებას კი სწორედ ეს ბრძოლა, ეს დაწაფება სიცოცხლისა, ეს ნატვრა დღეების გახანგრძლივებისა ამოქმედებს და ამოძრავებს. ცხოვრების მუდმივი ხეც ამით ხარობს”. – (ავტორი გენია.ჯი)