მიხეილ ბულგაკოვი – „ეპიზოდი”
სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვულმა დიდმა რუსმა მწერალმა და დრამატურგმა – მიხეილ ბულგაკოვმა (1891-1940 წლები), რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა ლაპარაკის უნარი, ერთ საღამოს, თავის მეუღლეს – ელენეს უთხრა, რომ ანდერძის შედგენა სურდა. (ავტორი გენია.ჯი) ანდერძის შედგენის მიმდინარეობისას მძიმედ დაავადებულმა ლიტერატორმა თანამეცხედრეს ერთობ უცნაური პუნქტის ჩაწერა თხოვა შიგ: იმ ადამიანს, რომელიც „ოსტატი და მარგარიტა”-ს გამოქვეყნების შემდეგ პირველი მივიდოდა მიხეილ ბულგაკოვის საფლავზე და ყვავილებს დააწყობდა მასზე, საავტორო ჰონორარიდან განსაზღვრული პროცენტი უნდა ხვდომოდა წილად.
ელენემ ქმარს აღუთქვა, რომ ყველაფერს ისე აღასრულებდა, როგორც მას სურდა. 1940 წლის 10 მარტს მიხეილ ბულგაკოვი გარდაიცვალა. იგი დაკრძალული იქნა მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.
ბულგაკოვის მიერ დაწერილი შედევრი-რომანი – „ოსტატი და მარგარიტა” საბჭოთა კავშირში პირველად 1966-1967 წლებში გამოიცა.
რომანის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეშში ბულგაკოვის საფლავს ერთი ახლაგაზრდა ყმაწვილი ეწვია. იგი მარტო იყო. ბევრი ეძია მიხეილის საფლავი და ბოლოს მაინც მიაგნო. ამაში ხელი შეუწყო იმის ცოდნამ, რომ ბულგაკოვი ანტონ ჩეხოვის საფლავის სიახლოვეს იყო დაკრძალული. ახალგაზრდა გააკვირვა იმ გარემოებამ, რომ სახელოვანი მწერლის საფლავზე არც ერთი ყვავილი არ იყო დადებული. იგი უკან გაბრუნდა და რამდენიმე ხანში ყვავილების თაიგულით დაბრუნდა.
ახალგაზრდა რამდენიმე ხანს ჩაფიქრებული იდგა ბულგაკოვის საფლავზე. ის იყო წასვლა დააპირა, რომ მოულოდნელად, ქალის ჩუმი ხმა შემოესმა: „ყმაწვილო, თუ შეიძლება, დამელოდეთ”. ახალგაზრდასთან სანდომიანი სახის მქონე ასაკოვანი ქალბატონი მივიდა: „ – ბოდიშით, თქვენ რა გქვიათ? მე ძალიან მჭირდება თქვენი მისამართი და სახლის ტელეფონის ნომერი”. ახალგაზრდა უხერხულად შეიშმუშმნა, თუმცა ასაკოვან ქალბატონს მაინც წარუდგა: „ – ვლადიმერ ნეველსკი, ჟურნალისტი ლენინგრადიდან”. ქალმა უბის წიგნაკში ჩაიწერა ყოველივე, მადლობა გადაუხადა გულისხმიერებისთვის და იქაურობა დატოვა. ყმაწვილი ლენინგრადში დაბრუნდა. სულ რაღაც ორიოდე კვირაში ვლადიმერის სახელზე მოსკოვიდან სოლიდური ფულადი საფოსტო გაგზავნილი მივიდა. ამ მოულოდნელმა გზავნილმა ვლადიმერი არა მხოლოდ აღაფრთოვანა, არამედ ძალიან გააოცა კიდეც. იგი ვერაფრით მიხვდა, ვინ იყო ავტორი ამ უჩვეულო საჩუქრისა.
მეორე დღეს, ვლადიმერის ბინაში ტელეფონმა დარეკა: „თქვენ გესაუბრებათ ელენა ბულგაკოვა… აიღეთ გზავნილი?” – ჰკითხა ელენამ ნეველსკის და როდესაც მისგან დადებითი პასუხი მიიღო, მოუყვა ყოველივე, რაც დაკავშირებული იყო მისი ქმრის ანდერძის უცნაურ ნაწილთან.
ბულგაკოვის ახლობლები მწერლის ასეთ უცნაურ ანდერძს ხუმრობად მიიჩნევდნენ. მაგრამ ეს სრულადაც არ მიუღია სახუმაროდ ლიტერატორის მეუღლეს. ელენამ ქმრის უკანასკნელი სურვილი მიხეილის გარდაცვალებიდან 29 წლის შემდეგ შეასრულა.
თავის მხრივ, ვლადიმერ ნეველსკიმ ელენა ბულგაკოვისაგან მიღებული ფულით კატერი იყიდა და მას სახელად – „მიხეილ ბულგაკოვი” დაარქვა. – (ავტორი გენია.ჯი)
ელენა ნიურენბერგი