იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე – „ნაპოლეონ ბონაპარტი”
„ნაპოლეონზე ამბობდნენ, გრანიტისაგან გამოკვეთილი კაციაო, და ეს ძირითადად მის სხეულს ეხებოდა. რა არ გადაიტანა, რისი გადატანა არ შეეძლო! სირიის გავარვარებული ქვიშიდან თოვლით გადაპენტილ მოსკოვის ველებამდე, რამდენი ლაშქრობა, ბრძოლა და ღამის ბივუაკი უნახავს (ღამის გასათევად ან დასასვენებლად გაშლილი ჯარის ბანაკი)! რამდენი ჯაფა და ნაკლებობა არგუნა ბედმა! ცოტა ძილი, მცირე საკვები, და თანაც სულ მუდამ სულიერი დაძაბულობა, გონებრივი მუშაობა. თვრამეტი ბრიუმერის უსაშინლეს ღამეს და მთელი დღე პირში ლუკმა არ ჩაუდვია. ამის მიუხედავად სულაც არ უფიქრია სხეულის მომარაგებაზე, ღამით კიდევ თავის თავში იპოვა იმდენი ძალა, რომ დაეწერა განთქმული მოწოდება „ფრანგი ხალხისადმი”. კაცმა რომ ასწონოს, რაც მან გააკეთა და გადაიტანა, ორმოცი წლისას თითქოს ტანზე ცოცხალი ადგილი არ უნდა შერჩენოდა, მაგრამ ამ ხნის სარდალი ჯერ კიდევ თავიდან ფეხამდე სრულყოფილი გმირი გახლდათ.
მართალია, როცა ამბობენ, ნაპოლეონის გამარჯვებების მთელი ბრწყინვალება მის ახლაგაზრდობაზე მოდისო. ერთი წარმოიდგინეთ, უთვისტომო, გაურკვეველი ჩამომავლობის უცნობი ვინმე, იმ დროში, რომელმაც ასპარეზზე გამოიწვია ყველა ნიჭიერი და უნარიანი ადამიანი, რაღაც ოცდაშვიდი წლისა ხდება ოცდაათმილიონიანი ერის კერპი”. – (ავტორი გენია.ჯი)