თამაზ ჭილაძე – „ბროწეულებში ცა გახლართულა”
ბროწეულებში ცა გახლართულა,
არმაზს და არაგვს სულში მზე უზის…
ჯვარი კი თითქოს ცის ხომალდია,
საქართველოზე დაბმული ღუზით.
* * *
მეცა მაქვს მიწა, ცა, გაზაფხული,
ბროწეულები, მთები, ტყეები,
მდინარეები, როგორც ბალახში
ჩამოვარდნილი ცისარტყელები.
* * *
და ბროწეულის ყვავილის ცეცხლი,
როგორც ტკივილი კივის და იწვის,
ჩემს მკერდს და ხელებს, ფიქრს და სიმღერას
აბრუებს სუნთქვა ცოცხალი მიწის.
* * *
და ამ მიწაში, ხეებში, ცაში,
ჩემი სიცოცხლე მღერის და ფეთქავს.
თუ ყურს დამიგდებ, მეც შემიძლია
ვთქვა, რაც გაზაფხულს უნდოდა ეთქვა…