რევაზ ინანიშვილი – „ჩემი სოფელი”
„როდესაც ჩემს სოფელში მივდივარ, რაც არ უნდა გადაუდებელი საქმე მქონდეს, მაინც გამოვნახავ ერთ საათს იმისათვის, რომ თუნდაც შეღამებულზე ჩავიდე ივრის ჭალებში, ანდა, სულ უბრალოდ, გავყვე ვენახებში მიმავალ გზას. ჩემთვის სრულიად არა აქვს მნიშვნელობა, რანაირი ამინდი იქნება, ან რა სანახები შემომეკვრის ირგვლივ. მთავარი ისაა, რომ მარტო ვიყო და არავინ შემიშალოს ხელი, თვალი ვადევნო ყველაფერს, რაც კი ჩემს გვერდით ხდება. ადამიანური შეხედულებების სხვადასხვა პოზიციებიდან ჩემი საქციელი ალბათ განიხილება სხვადასხვანაირად. ერთნი საქებრად ჩამითვლიან მას, იტყვიან, რომ მე ბუნება მიყვარს, მე ძვირად ღირებულად მიმაჩნია იგი, ვუფრთხილდები, და აქედან გამომდინარე – უკიდურეს შემთხვევაში თუ ჩავიდენ ცუდს. მეორენი დამძრახავენ. ისინი თავისებურ ანარქოიზმად ჩამითვლიან „ბუნებისკენ ლტოლვას”, შემაგონებენ, რომ ადამიანთა შორის უმწეობის მეტს ვერაფერს იგრძნობს ის, ვისაც გადამეტებული იმედი აქვს გარესაყაროსი. მაგრამ ჩემთვის მთავარი მაინც ჩემი აზრია – ამას არც კი შეიძლება აზრი დაერქვას – ჩემთვის მთავარია იმ მომენტში ჩემში გამეფებული. თითქოს უაზრობაა, ჩემი სულიერი თუ ფიზიკური რაობა ემორჩილება ერთ რაღაც შეუცნობელ, ნელ მუსიკას. იგი სადღაც ჩემი მეხსიერების უშორეს კუნჭულებიდან წამოვა წინ და წამიღებს იქით, საითაც კი ქარივით განეფინება. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ორღობეში თუ ჭალაში შემჩნეულ ქვებს. ისინი მხოლოდ ქვებია. ასევე, არავითარ გამორჩეულს არ ვხედავ იმაში, რომ ივრის წყალი ეს არის „მშობლიური წყალი”. არა, ისიც წყალია და მეტი არაფერი. არავითარ გამორჩეულს არ ვხედავ თვით იქაურ ადამიანებში, ჩემი მშობლიური სოფლის ადამიანებში. მაგრამ, მიუხედავად ყოველივე ამისა, როდესაც მათ ვნახავ, საღამოს, ძილისპირულზე, მეუფლება უფრო კონკრეტული დამოკიდებულებანი მათდამი, ვიდრე მანამდე ვგრძნობდი. ზოგი კმაყოფილებას მომგვრის, ზოგი გამაღიზიანებს, მაგრამ როგორც ერთი, ასევე მეორე დამოკიდებულებაც იქნება მატერიალური საგანივით თვალსაჩინო, და ეს თვალსაჩინოება, საცა საჭიროა, იმ ადგილებში ნერვებს გამომიჭედავს, ანდა, პირიქით, მომიდუნებს. მაშინ მე ჩემში დავინახავ შენობას, რომელიც მკვიდრ საფუძველზე დგას, და შიში არ დამეუფლება წაქცევისა”. – (ავტორი გენია.ჯი)