მიქელანჯელო ბუონაროტი – „ეპიზოდი”
აღორძინების ეპოქაში მოღვაწე გენიალურმა იტალიელმა მოქანდაკემ, მხატვარმა და არქიტექტორმა – მიქელანჯელო ბუონაროტიმ (145-1564 წლები) საყოველთაო აღიარება სხვა უამრავი ხელოვანისაგან განსხვავებით, თავისივე სიცოცხლეში მოიპოვა. (ავტორი გენია.ჯი) ეს მრავალმხრივი და უზადო ნიჭით დაჯილდოვებული ხელოვანი შეკვეთების სიმცირეს არ უჩიოდა და იმ პერიოდისათვის უზარმაზარი მოცულობის მქონე ჰონორარებსაც იღებდა. მიუხედავად ამისა, ბუონაროტი გროშსაც კი არ ხარჯავდა იმაზე, რომ საკუთარი საყოფაცხოვრებო, და ზოგადად რომ ვთქვათ, ცხოვრებისეული პირობები გაეუმჯობესებინა (მის სახლში არ მოიპოვებოდა სახლისათვის აუცილებელი ავეჯიც კი). ფინანსური საკითხების მხრივ საწუწუნო მიქელანჯელოს მართლაც რომ არაფერი ჰქონდა, მაგრამ როგორც ერთნი ამბობდნენ, იგი მაინც გამუდმებით ჩიოდა ბაზარში პროდუქტებზე არსებული მაღალი ფასების გამო. სიძუნწე იყო მიზეზი იმისაც, რომ ამა თუ იმ ქალაქში მოგზაურობების დროს, მიქელანჯელო, რომელსაც თან ყოველთვის ახლდა ორი ან სამი დამხმარე-შეგირდი, ერთსაწოლიან სასტუმრო ოთახს ქირაობდა და მონაცვლეობით იძინებდა, რათა ამ გზით დაეზოგა ფული. სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფი გენიალური იტალიელი ხელოვანი აღარც ტანსაცმელს ყიდულობდა და აღარც ფეხსაცმელს.
და როდესაც მსოფლიო სამხატვრო სკოლის იტალიელი ტიტანი ძველმანებში აღესრულა, მის ღარიბულ სახლში აღმოჩენილი იქნა ოქროთი სავსე მოზრდილი სკივრი… ამბობენ, რომ სწორედ სიძუნწე იყო მიქელანჯელოსათვის ის ერთ-ერთი ნაკლი, რის გამოც ყველაზე ხშირად დასცინოდნენ მასო.
ჯორჯო ვაზარი ასეთ შეხედულებას მიქელანჯელოზე ერთობ გადაჭარბებულად მიიჩნევდა. „ბევრი ადანაშაულებს მიქელანჯელოს სიძუნწეში. მაგრამ რაოდენ ცდებიან ისინი… მე ხშირად ვიყავი მის გვერდში და არაერთხელ მიხილავს, თუ როგორ ეხმარებოდა ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე იგი ადამიანებს შესანიშნავი რჩევებით, როგორც ჩუქნიდა კოლეგებს თავის სურათებსა თუ ჩანახატებს. მზრუნველობას უწევდა ობოლ ბავშვებს, უხვად უხდიდა გასამრჯელოს თავის ასისტენტებსა და მოსამსახურეებს. ნუთუ შესაძლებელია, რომ ადამიანი, რომელიც ხელს უწვდიდა გაჭირვებულებს და ამის შესახებ ერთ სიტყვასაც კი არ ამბობდა, ძუნწად და ხელმომჭირნედ მოვიხსენიოთ?!” – ასეთ რიტორიკულ შეკითხვას სვამდა ვაზარი და მიქელანჯელოს შესახებ გავრცელებულ ხმებს მისი სიძუნწის შესახებ, გენიოსის არაკეთილმოსურნეების მიერ შეთითხნილს უწოდებდა. – (ავტორი გენია.ჯი)