ტალეირანის შესახებ…
„მე ვემსახურებოდი საფრანგეთს ყველა რეჟიმის დროსო”, – სიბერეში ხშირად ამბობდა - შარლ მორის დე ტალეირან-პერიგორი (1754-1838 წლები). კაცი, რომლის სახელიც იმთავითვე ასოცირდებოდა მედროვეობისა და უპრინციპობის სინონიმებთან. (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც, გაქნილი ფრანგი პოლიტიკოსი და დიპლომატი, რომელიც თეთრეულივით იცვლიდა პრინციპებს, ემსახურებოდა მხოლოდ იმათ, ვინც ფულს უხდიდა და კეთილდღეობას უქმნიდა. ტალეირანს, ამ გამომხმარ ბერიკაცს, რომელიც გულახდილი მხოლოდ საკუთარ თავთან იყო, მუდამ თან სდევდა ლუი მეთექვსმეტის, მარია-ანტუანეტას, მირაბოს, დანტონის, ნაპოლეონის, ენგიენის ჰერცოგის, ალექსანდრე პირველის, კარლოს მეათის, ლუი მეთვრამეტის, ესპანელ ტყვე უფლისწულთა და ვერსალის სასახლის აჩრდილები. თავის თავზე და შესაძლებლობებზე ფრიად დიდი წარმოდგენის მქონე ცბიერი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ ერიდებოდა იმასაც, რომ კადნიერად განეცხადებინა – „მე უფლება მაქვს უშიშრად ვუყურო თვალებში ახალ თაობებსო”.
სხვა მრავალთა მსგავსად, ტალეირანი სძულდა დიდ ფრანგ მწერალს – სტენდალსაც. მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი მაინც აღიარებდა ფრანგი დიპლომატის ხასიათში ჩაბუდებულ შესაშური ლავირების ნიჭს. „არ ძალმიძს ისეთ ადამიანებთან ცხოვრება, რომელთაც ფაქიზი აზროვნების უნარი არ შესწევთ, რაც უნდა სათნოებით სავსე იყვნენ ისინი… ათასწილ ვამჯობინებდი გარყვნილი სასახლის ნატიფ ზნე-ჩვევებს. ვაშინგტონი ალბათ საძაგლად მომაბეზრებდა თავს და მირჩევნია, ისევ ბატონ ტალეირანთან ერთად აღმოვჩნდე ერთ სალონში”. – წერდა შარლის შესახებ სტენდალი. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა სტენდალი არ ყოფილა ტალეირანის ნიჭიერების ერთადერთი ცნობილი დამფასებელი. მაგალითად, სახელგანთქმული გერმანელი მწერალი და პოლიტიკური ფელეტონის ერთ-ერთი ფუძემდებელი – ლუდვიგ ბერნე ფრანგი პოლიტიკოსის შესახებ ერთობ საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამდა რიტორიკული შეკითხვების თანხლებით: „ჩემთვის ყოველთვის გამოუცნობი იყო, რატომ გაეგებოდათ ასე ნაკლებად მისი ყველა დროის ადამიანებს! რომ კიცხავდნენ, ეს კარგია, მაგრამ უბადრუკია; სათნოა, მაგრამ არაგონივრული; ეს კიცხვა პატივს დებს კაცობრიობას, მაგრამ არა ადამიანებს. ტალეირანს უსაყვედურებდნენ, რომ ის თანმიმდევრულად ღალატობდა ყველა პარტიას, ყველა მთავრობას. ეს მართალია: ლუდოვიკო მეტექვსმეტედან იგი რესპუბლიკელებთან გადავიდა. მათგან – დირექტორიასთან, ამ უკანასკნელიდან – კონსულებთან. კონსულებისაგან – ნაპოლეონთან. მისგან – ბურბონებთან. ბურბონებისგან – ორლეანელებთან, და, შესაძლოა, სიკვდილამდე ხელახლა გადავიდეს ლუი-ფილიპესაგან რესპუბლიკელებთან. მაგრამ ის სულაც არ ღალატობდა მათ: მხოლოდ ტოვებდა, როცა კვდებოდნენ. ის სარეცელთან ეჯდა ყოველი დროის, ყოველი მთავრობის ავადმყოფობას, ხელთ ეპყრა მაჯა და ყველაზე ადრე იტყობდა, როდის სწყვეტდა მათი გული ძგერას. მაშინ ის მიცვალებულისაგან მემკვიდრისაკენ ისწრაფოდა, სხვები კი ერთხანს კიდევ განაგრძობდნენ გვამის მომსახურებას. განა ეს ღალატია? ნუთუ ტალეირანი იმიტომაა სხვებზე უარესი, რომ იგი მათზე ჭკვიანი, მტკიცე და გარდაუვალის მორჩილია? სხვათა ერთგულება უფრო მეტ ხანს როდი გრძელდებოდა, მათი ცდომა იყო მხოლოდ უფრო ხანგრძლივი. ტალეირანის ხმას მუდამ ყურს მივუგდებდი, როგორც ბედის ნიშანს. მახსოვს როგორ შემეშინდა, როცა ელბიდან ნაპოლეონის დაბრუნების შემდეგ ლუი მეთვრამეტის ერთგული დარჩა. ეს ნაპოლეონის დაღუპვას მოასწავებდა. გამიხარდა, როცა თავი ორლეანელების მომხრედ გამოაცხადა: აქედან დავასკვენი, ბურბონების საქმე გათავებულია-მეთქი. მე ვისურვებდი ამ კაცს ჩემთან ეცხოვრა ოთახში: კედელთან მივაყუდებდი ბარომეტრივით, აღარ წავიკითხავდი გაზეთებს, აღარ გავიხედავდი სარკმელში და ისედაც ყოველდღიურად მეცოდინებოდა, როგორი ამინდი ტრიალებს ქვეყანაზე”.
„აი განვლო კიდევ ოთხმოცდასამმა წელიწადმა.. რამდენი საზრუნავი გამოვიარე. რამდენი მღელვარება. რამდენი დავნერგე ბოროტი სურვილები. და ყოველივე ამის შედეგი არარა სხვა, გარდა დიდი ფიზიკური და მორალური დაღლილობისა, გარდა ღრმა სულიერი დაცემულობისა მომავლის წინაშე და ზიზღისა წარსულისადმი”. – და მაინც, ასე დაწერა სარეცელზე მიჯაჭვულმა მიხრწნილმა ბერიკაცმა სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს, თუმცა-კი ისიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის დაწერა და არა სხვებისთვის. – (ავტორი გენია.ჯი)