ვასკო ნუნიეს დე ბალბოას შესახებ…

1513 წლის 25 სექტემბერს თავგადასავლების მოყვარულმა ესპანელმა კონკისკადორმა – ვასკო ნუნიეს დე ბალბოამ (1475-1519 წლები) თავის ჯარისკაცებთან ერთად პირველად იხილა ჩვენი პლანეტის უკანასკნელი, მანამდე კაცობრიობისთვის უცნობი ოკეანე. (ავტორი გენია.ჯი) ოკეანე, რომელსაც შემდგომ ადამიანთა მოდგმამ – „წყნარი ოკეანე” უწოდა. პირველი, ვინც წყნარი ოკეანის სანაპიროს ქვიშას ფეხი დაადგა, ალონსო მარტინის მესამე ჯგუფი იყო (ბალბოას თავისი რაზმი სამ ჯგუფად ჰყავდა დაყოფილი). მარტინიმ მოითხოვა, რომ მწერალს დაუყონებლივ აღენიშნა შავით თეთრზე, რომ პირველი ადამიანი, ვინც ხელი და ფეხი ჩაყო ამ ჯერ კიდევ უსახელო წყლებში – ალონსო მარტინი იყო. ამ გზით მან თავისი პატარა „მე”-ს ნამცეცი წილი დაიდო უკვდავებაში. წყნარი ოკეანის აღმოჩენის აღსანიშნავად, გაკადნიერებულმა ბალბოამ ერთობ პათეტიკური ჟესტი შეამზადა. უცნობი ზღვის აღმოჩენიდან მეორე დღეს, მიქაელ მთავარანგელოზის დღესასწაულზე, ვასკო ნუნიესი ოცდაორი თანამგზავრის თანხლებით გადის ზღვის პირას, აბჯარასხმული, მახვილით წელზე, როგორც თვითონ მიქაელ მთავარანგელოზი ასრულებს საზეიმო წესს და ეუფლება ახალ ზღვას. (ავტორი გენია.ჯი) ბალბოა მაშინვე კი არ შევიდა ზღვაში, არამედ, როგორც მისი „ბატონი” და „მბრძანებელი”, ხის ქვეშ ისვენებდა და ქედმაღლურად უცდიდა, ვიდრე მზარდი მოქცევა ზედ მასთან არ მიაგორებდა ტალღას და მორჩილი ძაღლივით არ დაუწყებდა ფეხის ლოკვას. მხოლოდ ამის შემდეგ წამოდგა ფეხზე იგი, მხარს უკან მოისროლა ფარი, ცალ ხელში მახვილი აიღო, მეორეში კი ღვთისმოშობლის გამოსახულებიანი კასტილიის დროშა და ასე მედიდურად შევიდა წყნარ ოკეანეში. „გაუმარჯოს ფერდინანდს და ხუანას, კასტილიის, ლეონისა და არაგონის სვემაღალსა და ძლევამოსილ მბრძანებელთ, რომელთა სახელითაც ვაცხადებ ჩემს ნამდვილ, უშუალო და სამარადისო მფლობელობას და ვუერთებ კასტილიის მეფეთა საკუთრებას ყველა ამ ზღვასა და მიწას, სანაპიროებს, უბეებს, კუნძულებს, და ვფიცავ, თუ რომელიმე ხელმწიფე ან სხვა ვინმე სარდალი, ქრისტიანი იქნება თუ წარმართი, რომელი სარწმუნოებისა და წოდებისაც არ უნდა იყოს, ხელჰყოფს ამ მიწებსა და ზღვებს, მე მათ დავიცავ კასტილიის მეფეთა სახელით, რომელთა კუთვნილებაც ისინი იქნებიან აწ და სამარადისოდ, ვიდრე ქვეყანა არსებობს, და თვით მეორედ მოსვლის ჟამამდე” – ბალბოას მიერ წარმოთქმული ეს ამაღელვებელი ფიცის სიტყვები, რომელიც შემდგომ ყველა ჯარისკაცმა გაიმეორა, თვით ზვირთთა მოქცევის ძალუმმა ღმუილმაც კი ვერ გადაფარა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>