იცით თუ არა, რომ?!
1. გენიალური ფრანგი მხატვარ-უნივერსალისტის – ედუარ მანეს მიერ დახატულმა ორმა შედევრმა-ტილომ – „პიკნიკი ველად” და „ოლიმპია”, რომლებიც პარიზის გამოფენაზე იყო წარმოდგენილი 1863 წელს, დამთვალიერებელმა ამორალური და უხამსი სიუჟეტის მქონე ნამუშევრებად მიიჩნია. მანეს ტილოებმა იმდენად უარყოფითი შთაბეჭდილება დატოვა დამთვალიერებელზე, რომ პოლიცია იძულებული გახდა თოკები შემოევლო სურათებისთვის, რათა მათთვის ხალხს დანა არ დაესვა, ან არ მიეფურთხებინა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „მე მხოლოდ თავისუფლებასთან ერთად დავბრუნდებიო”, – ასე უპასუხა ნაპოლეონ III-ის მიერ გამოცემულ ამნისტიას სამშობლოდან დევნილმა გენიალურმა ფრანგმა მწერალმა – ვიქტორ-მარი ჰიუგომ.
* * *
3. საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში განთავსებული 2 000 წლის წინათ დაარსებული ქალაქი ნანტი, ჟიულ ვერნის ქვეყნად მოვლინებამდე სამი სახელოვანი თანამოქალაქით იყო ცნობილი: ჟაკ კასარით – გაბედული მეზღვაურით, მარშალ კამბრონით, რომელიც უკვდავყო ფრაზამ: „გვარდია კვდება, მაგრამ არ ნებდება” და „ლურჯწვეროსნად” წოდებული ჟილ დე ლავალით – ლეგენდად ქცეული ნანტელი ავაზაკით.
* * *
4. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ უტოპიური ლიტერატურის ათი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია – პლატონის – „რესპუბლიკა”, თომას მორის – „უტოპია”, უილიამ ლეგლენდის – „პეტრე მხვნელის მოჩვენება”, ტომაზო კამპანელას – „მზის ქალაქი”, ჯეიმზ გარინგტონი – „ოცეანა”, ჟორჟ მელიეს – „ანდერძი”, ეტიენ-გაბრიელ მორელის – „ბაზილიადა, ანუ მცურავი კუნძულები”, იაკი კაბეს – „მოგზაურობა იკარიაში”, ბელამის – „უკან გამოხედვა” და მორისის – „ცნობები არსაიდან”.
* * *
5. „ღვთის გულისათვის, იზრუნეთ ჩვენს ახლობლებზე”. – ასეთი სიტყვებით სრულდება სამხრეთ პოლუსის ერთ-ერთი პირველი ინგლისელი აღმომჩენის – რობერტ სკოტის მიერ წარმოებული დღიური, რომელიც ექსპედიციის ორ წევრთან ერთად იქნა გაყინული სამხრეთ პოლუსიდან უკან დაბრუნების ჟამს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. სიტყვა „რევოლუცია” – ლათინურ ენაზე, თავდაპირველად, „უკან დაბრუნებას” ნიშნავდა. XVII საუკუნის სამეცნიერო ენაში „რევოლუცია” ეწოდებოდა გადახრას პლანეტების მოძრაობაში. „რევოლუციამ”, როგორც სახელმწიფო გადატრიალებისა და სახალხო აჯანყების მაუწყებელმა მოვლენამ, მხოლოდ XVIII საუკუნეში მიიღო ის მნიშვნელობა, რომლითაც დღეს ვიცნობთ მას. ნიშანდობლივია ისიც, რომ აღნიშნული სიტყვის მნიშვნელობის ცვლილებაში დიდი წვლილი დაიდო ბურჟუაზიულმა პუბლიცისტიკამ.
* * *
7. როგორც ცნობილია, რომის პაპი – სიქსტუს IV საეკლესიო თანამდებობების გაყიდვას საჯარო წესით ახდენდა და ამ გზით თავის სალაროს ყოველდღიურად უამრავ ფულს მატებდა. ამ საჯარო ვაჭრობის შედეგია ისიც, რომ პაპმა ნეაპოლიტანის მეფის შვილს, სულ რაღაც ექვსი წლის ყმაწვილს არაგონიის ეკლესიის მართვის უფლება მიანიჭა.
* * *
8. მემატიანეების გადმოცემით, მილანის უსასტიკესი ტირანის, ჰერცოგის – გალეაცო მარია სფორცას (1444-1476 წლები) თავშესაქცევ სანახაობას, რაოდენ ამაზრზენიც არ უნდა იყოს, – ადამიანების მიწაში ცოცხლად დამარხვის პროცესის ყურება წარმოადგენდა.
* * *
9. რომის პაპმა – პავლე მეორემ (1417-1471 წლები), რომელიც მეცნიერების მიმართ ერთობ მწყრალად იყო განწყობილი, ბავშვებს სკოლაში სიარული და განათლების მიღება მხოლოდ იმიტომ აუკრძალა, რომ წერა კითხვა, მისი ჭკუით, მხოლოდ სასულიერო პირების პრივილეგია იყო. გარდა ამისა, ცნობილია მისი გამონათქვამიც: „რელიგიამ უნდა გაანადგუროს მეცნიერება, რადგან მეცნიერება – რელიგიის მტერია”.
* * *
10. ინგლისში XIV-XV საუკუნეებში მოქმედი „ლოლარდების სექტა” (ღატაკი მღვდლები), რომელიც ანტიკათოლიკე ერეტიკოსთა სექტად იყო აღიარებული, ქადაგებდა, რომ ლუციფერი და სხვა მეამბოხე ანგელოზები ზეციდან იმის გამო განდევნეს, დესპოტ ღმერთს თავისუფლება და თანასწორობა რომ მოთხოვესო. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ სწორედ „ლოლარდების სექტის” წარმომადგენელი ერეტიკოსები დაისაჯნენ ყველაზე სასტიკად ინკვიზიტორების მიერ. – (ავტორი გენია.ჯი)